პროექტი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ დაიწყო

ორგანიზაცია განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტი (EARI), პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად, ახორციელებს პროექტს „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“.
ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა, ჟურნალისტმა ლუბა ელიაშვილი და ორგანიზაცია „განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა თამარ დემეტრაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და მედიას კონკურსის დეტალები გააცნეს. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, პროექტი ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გავრცელებული ჟურნალისტური ნაშრომების კონკურსს. 5 წევრისგან შემდგარი ჟიური (მათგან სამი ჟურნალისტი და ორი კონსტიტუციონალისტი) გამოავლენს 2017 წელს გამოქვეყნებული მასალებიდან საუკეთესოებს (I და II ადგილები) შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი, საუკეთესო რადიო სიუჟეტი, საუკეთესო ელექტრონული ნაშრომი, საუკეთესო საგაზეთო ნაშრომი.
პროექტის ბოლოს გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულებს პრეზიდენტი დაასახელებს. ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. კონკურსის სხვა მონაწილეებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები. საპრიზო ადგილებზე გასული ავტორები დაჯილდოვდებიან:
I ადილისთვის – 1500 ლარით, II ადგილისთვის – 1000 ლარით. ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმებია: საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად გაშუქება; საკითხის ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე, საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 2017 წელს მომზადებული მასალები. ჟურნალისტებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ 18 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ჟიურის წევრებს ექნებათ ორი კვირა საკონსკურსო ნაშრომების გასაცნობად და შესაფასებლად.
ჟიურის შემადგენლობა: თამარ ჩიქოვანი, ზვიად ქორიძე, ლუბა ელიაშვილი, კონსტანტინე ჩოკორაია, ლევან ალაფიშვილი .საკონკურსო ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: instituteeari@gmail.com საკონტაქტო ტელ.: 593 62 94 96; 558 45 11 12.
განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტის (EARI) მიზანია სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლება; თვითმმართველობებში კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ხელშეწყობა ტრენინგების, ვორქშოფების მოწყობითა და კონკურსების ორგანიზებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები