ბათუმის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

0

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მოინახულა. რეგიონის პირველი პირი ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ბათუმის მერია დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას შეისწავლის და სათანადო დახმარებას გაუწევს.
„ძალიან ცუდი ინციდენტი მოხდა. აფეთქდა თხევადი გაზი, უფრო სწორად – ბალონები. ოთხი სახლია დაზიანებული. რაც მთავარია, არავინ დაშავებულა. საწარმოში მომუშავე სამი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ორი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი იმყოფება. მათ მაქსიმალური ყურადღება ექცევათ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიება მიზეზებს დაადგენს და ყველა დამნაშავე პირი ამ ინციდენტთან დაკავშირებით პასუხს აგებს. მთავარია ოპერატიულად მოხდეს შესწავლა.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. პირველ რიგში, მერია მოსახლეობას გაიყვანს, ვინც სახლ-კარის გარეშე დარჩა. ბათუმის მერია ფართებს უქირავებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ჩართულია. მერია სრულად მობილიზებულია. ბათუმის მერია აკონტროლებს ამ თემას და უახლოეს პერიოდში დამატებით კომენტარს გააკეთებს“,- განაცხადა ზურაბ პატარაძემ. ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ორი სახლი მთლიანად დაინგრა, ორს კი ხანძარი გაუჩნდა და დაზიანდა. აფეთქების შედეგად ასევე დაიწვა 5 მანქანა. გავრცელებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი