ზაზა გაბუნია თენგიზ შერგელაშვილზე: როცა არ გაქვს პრობლემის მოგვარების საკუთარი გზა, ირჩევ წარმატებული ხედვის წყალწყალა არგუმენტებით კრიტიკას

0

უმრავლესობის დეპუტატი ზაზა გაბუნია თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტ თენგიზ შერგელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ფუჭი გზა აირჩია, რადგან კონკრეტული საკითხის მოწესრიგების საკუთარი პროგრამული გზა არ აქვს. როგორც მან განაცხადა, პარკირების, საცობების და სხვა ძირითადი საქალაქო პრობლემატიკის მოგვარება შესაძლებელია ერთიანი ეფექტური პოლიტიკის პირობებში, რომელიც აქვს კახა კალაძეს.
“მაშინ, როცა არ გაქვს პრობლემის მოგვარების საკუთარი პროგრამული გზა, არჩევ წარმატებული ხედვის წყალწყალა არგუმენტებით კრიტიკას.
ეს იოლი, თუმცა ფუჭი გზა აირჩია ბატონმა შერგელაშვილმა, როცა პარკირების მოწესრიგების შესახებ კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირება გადაწყვიტა.
ბატონი შერგელაშვილი, ერთის მხრივ, თვითმმართველობის საკითხთა ექსპერტობაზე დებს თავს და, მეორეს მხრივ, მშრალი თეორიული ფორმულის დონეზეც კი ვერ სთავაზობს ხალხს გამოსავალს. სიტუაციის ბელეტრისტული მიმოხილვა ვითარებიდან გამოსავალი არ არის. პარკირების, საცობების და სხვა ძირითადი საქალაქო პრობლემატიკის მოგვარება შესაძლებელია ერთიანი ეფექტიანი პოლიტიკის პირობებში, რომელიც აქვს კახა კალაძეს. მოხარული ვარ, რომ კახის საზოგადოებასთან ურთიერთობა ეფექტიანია, მის ვიდეოებს ბევრი მაყურებელი ჰყავს, მათ შორის ბატონი თენგიზი.
ის იდეები კი, რომლებსაც კახა კალაძე საზოგადოებას უზიარებს, განხორციელდება რეალურ ცხოვრებაში, იმისთვის, რომ თბილისის სახით მივიღოთ სიცოცხლით სავსე ქალაქი”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი