პროკურატურამ ვაკეში გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

0

„გააგრესიულდა მოძალადე და დიდი ომის, ჯაჯგურის და გაუპატიურების მცდელობის შემდეგ, როგორღაც მოახერხა გოგონამ გამოქცევა!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ანი ჯანაშია საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. როგორც ანი ჯანაშია აღნიშნავს, 15 აგვისტოს, ვაკეში, საღამოს საათებში მის მეგობარს უცნობი მამაკაცი დაედევნა და გაუპატიურება დაუპირა. თუმცა, ახალგაზრდა გოგონამ მოძალადისგან თავი დაიცვა და გაქცევა მოახერხა. ანა ჯანაშიას ინფორმაციით, მის მეგობარს დაზიანებებიც აღენიშნება და ამის დასადასტურებლად ფოტოებიც გამოაქვეყნა.
„კვირა“ანა ჯანაშიას პოსტს უცველად გთავაზობთ.
„ისე ვარ გამწარებული, დანა პირს არ მიხსნის! ეს ხომ ქვეყანა არ არის! ეს ხომ სამართალდამცავი სტრუქტურა არ არის! ჩადებაზე რომ არიან გადასულები და ფესტივალებზე და კლუბების ტერიტორიაზე დაგეშილები დაძრწიან, ემანდ ვინმეს გართობა არ მოუნდესო, ღამის 12 საათზე შუაგულ ვაკეში პატრული არ ჭაჭანებს, რომ ნამდვილი კრიმინალებისგან და მოძალადეებისგან დაიცვან მოქალაქეები!
გუშინ, 15 აგვისტოს, სადღაც ღამის 11 საათს გადაცილებული იქნებოდა, როცა ჩემი მეგობარი გოგონა ბრუნდებოდა სამსახურიდან სახლში საღამოს ცვლიდან. ვაკის პარკის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში მას აედევნა უცნობი მამაკაცი, რომელიც დაეკონტაქტა რუსულ ენაზე (!) და გაცნობა სთხოვა. თხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, მამაკაცი გააგრესიულდა, დაიჭირა, დაუწყო ტანსაცმელზე ჯაჯგური, გახდის მიზნით (!). ჩემმა მეგობარმა (რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან ისედაც საშინლად დასტრესილს კიდევ არ დავუმატო სტრესი) ატეხა ყვირილი, ამოიღო ტელეფონი პატრულის გამოძახების მიზნით, რაზეც კიდევ უფრო გააგრესიულდა მოძალადე და დიდი ომის, ჯაჯგურის და გაუპატიურების მცდელობის შემდეგ, როგორღაც მოახერხა გოგონამ გამოქცევა! ამოვიდა ტრასაზე და შევარდა მაღაზიაში, სადაც უთხრეს, რომ ყვირილი გაიგეს, მაგრამ ეგონათ „ბავშვები მაიმუნობდნენ” და არ გამოიხედეს. მსგავსი გულგრილობა, არ ვიცი, თან ღამის 12 საათზე. თუმცა ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ იწყება! გოგონა იძახებს პატრულს, რომელსაც მიჰყავს განყოფილებაში.
ვაკის გამომძიებელი, ვინმე ლევანი ადგენს ოქმს, სადაც საერთოდ არ აღნიშნავს სექსუალური ძალადობის შემცველ არცერთ ქმედებას, არ აღნიშნავს ფიზიკურ დაზიანებებს, რომელიც გოგონას აღენიშნებოდა (და, საბედნიეროდ, ამის ფოტომასალა არსებობს, რასაც დავურთავ ამ პოსტს) და იჩენს აბსოლუტურ გულგრილობას აღნიშნულის მიმართ.
როგორც მეგობარი მიყვება, იმდენად განერვიულებული და დასტრესილი იყო, იმ მომენტში ვერ მიაქცია ამ დეტალებს ყურადღება. ამბობს, რომ იმ ჩვენებაში, რაც გამომძიებელმა შეადგინა, ხულიგნობას უფრო ჰგავს, ვიდრე გაუპატიურების მცდელობას!! და ეს ყველაფერი არ არის – ჩემი მეგობარი იღებს “მეგობრულ რჩევას” გამომძიებელ ლევანისგან, რომ არ უთხრას ეს ამბავი არავის, რადგან ჭორაობას დაიწყებენ და არ გაწყობსო. ამაზე, საერთოდ, შოკში ჩავვარდი!! ანუ არ უნდა ამოვიღოთ ხმა იმაზე, რომ ქუჩაში ჩვენი გაუპატიურება უნდათ, რადგან ამის თავად ჩვენ, მსხვერპლებს უნდა გვრცხვენოდეს?! ეს რა არის საერთოდ? გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ამბის მიჩქმალვა უნდათ და თაროზე შემოდება, რის უფლებასაც არ მოგცემთ!! ასეთი გამომძიებლები გყავთ თქვენ და მსგავსი პროფესიონალები, რომლებიც ასე საშინლად ეპყრობიან ისედაც საშინელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდა გოგოს! ვიმეორებ, არ მოგცემთ ამ ამბის მიჩქმალვის უფლებას! ყველამ გაიგოს, რა ხდება დღეს საქართველოში, ვის დასდევენ და ვინ დაპარპაშებს თავისუფლად!!!“ – წერს ანა ჯანაშია.
„კვირამ“ ანა ჯანაშიას მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია პროკურატურაში გადაამოწმა. როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოძიება სსკ-ის 333-ე (პირველი ნაწილი), რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 19-137 -ე მუხლის (პირველი ნაწილით), რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს, დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

კომენტარები

კომენტარი