საქართველოში ივლისის თვეში ნორმაზე მაღალი ტემპერატურა აღინიშნა

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის ივლისის თვეში საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი აღინიშნა, რაც განპირობებული იყო თვის პირველ დეკადაში საქართველოს ტერიტორიაზე ევროპის სამხრეთი და ცენტრალური რაიონებიდან თბური ტალღის გავრცელებით.
ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონში +39.70 გრადუსი დაფიქსირდა, ხოლო აღმოსავლეთში, ლაგოდეხში +39.00 გრადუსი. ტემპერატურის წლიური ექსტრემუმების გადაფარვა არ აღნიშნულა, აღინიშნა მხოლოდ თვის ექსტრემუმების უმნიშვნელო გადაფარვა შოვში. საგუშაგოზე +35.70 გრადუსი დაფიქსირდა, რაც +0.20 გრადუსით აღემატება 2015 წელს დაკვირვებულ მაქსიმუმს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, 1881 წლიდან დღემდე, 2017 წლის ივლისი სითბოს მიხედვით იყო მეოთხე – 2000, 1882 და 2010 წლების შემდეგ. თვის საშუალო ტემპერატურამ +26.70 გრადუსი შეადგინა. ივლისის ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა 2000 წელს +27.70 გრადუსი აღინიშნა. რაც შეეხება 2017 წლის აგვისტოს პირველ ნახევარს, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდა ევროპის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული თბური ტალღა.
ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა: ქ. ქუთაისში +40.40 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთში, თბილისში +39.80 გრადუსი. ტემპერატურის წლიური ექსტრემუმების გადაფარვა არ აღნიშნულა, აღინიშნა მხოლოდ თვის ექსტრემუმების უმნიშვნელო გადაფარვა ხაშურში. საგუშაგოზე დაფიქსირდა +38.50 გრადუსი, რაც +0.10 გრადუსით აღემატება 2015 წელს დაკვირვებულ მაქსიმუმს.

კომენტარები

კომენტარი