ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და მის ახალ მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელისა და მის ახალ მოადგილეს, ელიზაბეტ რუდს შეხვდა.
მხარეებმა, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკლ რიჩარდ პენსის ვიზიტის შედეგებზე და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.
ირაკლი კობახიძემ სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების სისტემაში როგორც განხორციელებულ ასევე, დაგეგმილ რეფორმებზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო საშემოდგომო სესიაზე დაგეგმილი აქტივობები და ის კანონპროექტები, რომლებიც პარლამენტში განიხილება.
საუბარი შეეხო აგრეთვე დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, რომელიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს ურთიერთთანამშრომლობით უახლოეს მომავალში უნდა დაიწეროს.
მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე მიმდინარე წელს პარლამენტის თავმჯდომარის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დაგეგმვის შესახებ.
ირაკლი კობახიძისა და იან კელის შეხვედრაში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები