თბილისსა და რუსთავში ჩატარებული სპეცოპერაციის ექსკლუზიური დეტალები – როგორ ემუქრებოდნენ ქურდული სამყაროს წევრები ბიზნესმენებს

„თბილისსა და რუსთავში ჩატარებული სპეცოპერაციის ექსკლუზიური დეტალები“ – ამ სათაურით გაზეთი „პრაიმტაიმი“დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
„ფულს თუ არ მოიტან, ფანჯრიდან გადაგაგდებთ და ვერავინ გაიგებს, როგორ მოკვდი, იტყვიან, თავი მოიკლაო“, – მსგავსი სახის მუქარა მიიღო რამდენიმე ბიზნესმენმა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებისგან.
როგორც „პრაიმტაიმს“ რუსთავში მცხოვრები ერთ-ერთი ბიზნესმენის ახლობელი უყვება, თბილისსა და რუსთავში რამდენიმე მცირე მეწარმეს კონკრეტული დაჯგუფება „კანონიერი ქურდის“ – ზაალ მახარობლიძის, იგივე „გლეხოვიჩის“ სახელით სძალავდა ფულს.
„როგორც ჩანს, დაზარალებულთაგან ერთ-ერთმა, მუქარის მიუხედავად, გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, რის შედეგადაც სამართალდამცველები იგივე ჯგუფის მიერ კიდევ ერთი გამოძალვის საქმეზე გავიდნენ. შეგროვებული მტკიცებულებებისა და საქმეში არსებული ოპერატიული მასალის საფუძველზე კრიმინალურმა პოლიციამ სპეცოპერაციის ჩატარება გადაწყვიტა, რომლის ფარგლებშიც ერთი პირი რუსთავში დააკავეს, მეორე – თბილისში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე სარდაფში გახსნილ ავეჯის საამქროში, მესამე კი, ასევე, თბილისში ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანეს.
დაკავებულები არიან: დავით და ტარიელ მახარობლიძეები, ასევე, გიორგი რეხვიაშვილი. გამოძიება აცხადებს, რომ მათ კავშირი ჰქონდათ ევროპაში მცხოვრებ ქურდულ ავტორიტეტთან, რომლის ვინაობას შსს არ ახმაურებს, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული „ავტორიტეტი“ სწორედ ზაალ მახარობლიძე გახლდათ. ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე მასშტაბური სპეცოპერაციაა, სადაც „გლეხოვიჩის“ სახელი ამოტივტივდა“, – წერს „პრაიმტაიმი“.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ივნისში, შარტავას ქუჩაზე ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული პირებიც სწორედ „გლეხოვიჩის“ მითითებებით მოქმედებდნენ.
„ჩემს ახლობელს, რომელსაც უკვე ერთ თვეზე მეტია, აწუხებენ, მოასმენინეს „გლეხოვიჩის“ ჩანაწერი, რომელიც ამბობდა, რომ ეს იყო პირადად მისი მოთხოვნა და თანხა დროულად უნდა გადაეხადა, თანაც კონკრეტულ ვადებში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა“, – აცხადებს დაზარალებულის ახლობელი.
მისივე ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულთაგან ორი – დავით და ტარიელ მახარობლიძეები „გლეხოვიჩის“ ახლო ნათესავები არიან.
გამოცემის ინფორმაციით კი, მახარობლიძეები წარსულში ნარკოდანაშაულისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არიან გასამართლებულები. წარსულში მრავალგზის ნასამართლევია მესამე დაკავებული გიორგი რეხვიაშვილიც.
როგორც წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას ბრალდების მხარემ განაცხადა, სამივე მათგანს ზუსტად ჰქონდა გადანაწილებული როლები. შეხვედრებისთვის წინასწარ არჩევდნენ კონსპირაციულ ადგილებს. ასევე, პოტენციურ მსხვერპლებს აიძულებდნენ, არ მიემართათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ამ შემთხვევაშიც მუქარა მთავარ იარაღს წარმოადგენდა.
„არა მარტო მისი, არამედ ოჯახის წევრების სიცოცხლითაც ემუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციაში განაცხადებდა. ჩვენ ბევრნი ვართ. თუ დაგვიჭერენ, გარეთ ჩვენიანები რჩებიან… შენზე და შენს ოჯახზე შურს იძიებენო“, –აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებულის ახლობელი.
საბოლოო ჯამში, გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია ზემოხსენებული ჯგუფის მიერ ორი სხვადასხვა ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვის ფაქტი, 3500 და 10 000 ლარის ოდენობით, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საქმეში მალე სხვა დაზარალებულებიც გამოჩნდებიან.
ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ, თუმცა მათი ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ, მომდევნო ინსტანციაში არ გაასაჩივრებს.
როგორც ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განმარტავს, დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, ის აპირებს, სამხილები უშუალოდ წინასასამართლო სხდომაზე წარადგინოს.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, გამამართლებელი განაჩენის საფუძველი გახდება.
„იმისთვის, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება, აუცილებელია, არსებობდეს ახალი გარემოებები. დაცვის მხარეს ნამდვილად გვაქვს ახალი მტკიცებულებები, რომლებიც საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებია, თუმცა ჩვენი – დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, უმჯობესია, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს წარვუდგინოთ. წინასასამართლო ეტაპზე ჩვენი ყველა მტკიცებულება დასაშვებად იქნება ცნობილი.
ჩვენ, ასევე, დავაყენებთ შუამდგომლობას, მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და, რა თქმა უნდა, როდესაც გადავალთ არსებით განხილვაზე, კონკრეტულად დავიწყებთ მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეების დაკითხვას, სასამართლო დარწმუნდება, რომ ორივე ბრალდებული – დავით და ტარიელ მახარობლიძეები – აბსოლუტურად უდანაშაულოები არიან, მათ მიმართ აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
„როგორც ზევით აღვნიშნეთ, ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა კერძო მეწარმეებისთვის ფულის გამოძალვის საქმეში „გლეხოვიჩის“ სახელი ამოტივტივდა. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი კრიმინალურმა პოლიციამ ორი თვის წინ, შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავა. ბიზნესმენი, რომელსაც ქურდული სამყაროს წევრები სწორედ „გლეხოვიჩის“ სახელით სძალავდნენ ფულს, ნავთობპროდუქტების ბიზნესშია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები – რობერტ ჟორჟოლიანი და ბერდია ჯაფარიძე მისთვის 200 000 აშშ დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა ისინი თანხის გადაცემამდე დააკავეს. მანამდე დააპატიმრეს ამ საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი კობა ფანგანი.
საგამოძიებო ორგანოდან ჩვენი წყარო გვიყვება, რომ ორივე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირები რეალურად ერთ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ და, ძირითადად, „გლეხოვიჩის“ მითითებებით მოქმედებდნენ. საერთო ინტერესების გარდა, თითქმის ყველა მათგანს ერთმანეთთან ნათესაური კავშირებიც აქვთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გასულ კვირას დაკავებული დავით და ტარიელ მახარობლიძეები „გლეხოვიჩის“ ბიძაშვილები არიან. „გლეხოვიჩთან“, ასევე, ნათესაური კავშირი აქვს კობა ფანგანს, უფრო ზუსტად კი ის ზაალ მახარობლიძის ნათლული გახლავთ. ბერდია ჯაფარიძე კი „კანონიერი ქურდის“, გიორგი გურჩიანის სიძეა. გურჩიანი ზაალ მახარობლიძესთან ერთად ფიგურირებს 200 000 დოლარის გამოძალვის საქმეში.
ა.ლ., დაზარალებული ბიზნესმენი:
„მოულოდნელად, შემომივარდნენ ოფისში, მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დამემუქრნენ „კანონიერი ქურდებით“. სიცოცხლის მოსპობის მუქარით ჩემგან მოითხოვდნენ, რომ უნდა გადამეხადა 200 000 დოლარი და კომპანიის 25 პროცენტი გადამეფორმებინა მისი ნდობით აღჭურვილ პირზე. მომთხოვეს, რომ ქურდული გარჩევის მიზნით გავყოლოდი სტამბულში. მე დავთანხმდი, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მეორე დილითვე დამირეკეს, – გველოდებიან ქურდებიო და მსგავსი საუბარი… ამის შემდეგ გვქონდა კიდევ რამდენიმე შეხვედრა და საბოლოოდ გადაწყდა რომ 29 მაისს სკაიპის მეშვეობით უნდა დაგვლაპარაკებოდნენ „კანონიერი ქურდები“, თუმცა შსს-ს მიერ იმავე დღეს დაიგეგმა სპეცოპერაცია და ორი გამომძალველი დააკავეს. თავად ფანგანი მანამდე, რამდენიმე დღით ადრე უკვე დაკავებული ჰყოლიათ, ოღონდ სხვა ბრალდებით“.
ვინ არის ზაალ მახარობლიძე, იგივე „გლეხოვიჩი“? 49 წლის „კანონიერი ქურდი“ წარმოშობით ცაგერის რაიონიდან გახლავთ. ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს. პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალურ წრეებში მას კარგად იცნობენ. „კანონიერ ქურდად“ უშუალოდ ტარიელ ონიანმა მონათლა და სწორედ ამიტომაც, მას ხშირად ონიანის კლანის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურადაც მოიხსენიებდნენ. „გლეხოვიჩი“ არაერთხელ არის გასამართლებული საქართველოში, სხვადასხვა დროს, ასევე, დაკავებული იყო ავსტრიასა და საბერძნეთში. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამადაც მიმდინარეობს მისი საქმის არსებითი განხილვა.
მას სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით (კანონიერი ქურდობა) დაუსწრებლად ასამართლებენ, თუმცა არ არის გამორიცხული, გასულ კვირას ჩატარებულმა სოპეცოპერაციამ „გლეხოვიჩს“ ბრალი დაუმძიმოს.
სავარაუდოდ, დაუსწრებლად წარედგინება ბრალი „კანონიერ ქურდს“- გიორგი გურჩიანსაც, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „გია სვანის“ მეტსახელით იცნობენ. მისი სახელი, ასევე, ფიგურირებს 200 000 დოლარის გამოძალვის საქმეში. გურჩიანი „კანონიერ ქურდად“ 2004 წელს ისეთმა გავლენინმა „ავტორიტეტებმა“ აკურთხეს, როგორებიც გახლავთ, ასლან უსოიანი, შაქრო კალაშოვი, მერაბ ჯანგველაძე და სხვ. „გია სვანი“ ბოლოს სამართალდამცველების მახეში 2013 წელს გაება. ბელგიის პოლიციის მოთხოვნით იტალიის დედაქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში აიყვანეს. მასთან ერთად, ასევე, დააკავეს „კანონიერი ქურდები“: ირაკლი ფიფია („იკა სუხუმსკი“) და როინ უგულავა („მატევიჩი“)”, – წერს „პრაიმტაიმი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები