„ვეძებ მეგობარს, რომელსაც ხელფასი ბანკში ერიცხება“ – თამაზ ბიჩინაშვილი მღვდელმსახურებას უბრუნდება

ყოფილი სასულიერო პირი თამაზ ბიჩინაშვილი, რომელსაც მღვდელმსახურება შეჩერებული ჰქონდა, ეკლესიას უბრუნდება. არქიმანდრიტი ანთიმოზი მღვდელმსახურებას წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერში გეგმავს, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. თამაზ ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელის დახმარებით, იმ მეგობრებს მიმართავს, რომლებსაც ხელფასი ბანკში ერიცხებათ.
„მალე დავიწყებთ თბლისის ზღვაზე წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტრის მშენებლობას. აშენების შემდეგ, დავუბრუნდები, ღვთის ნებით, მღვდელმსახურებას. გამოგიტყდებით, ყველაზე ძალიან წირვის აღსრულება მენატრება. სანამ მონასტრის მშენებლობის ანგარიში გაიხსნება, საჭიროა საველე სამუშაოები – გეოდეზია, პროექტი და ა.შ. ყველაზე მთავარი მონასტრის მშენებლობაზე პატრიარქისგან კურთხევა აღებული გვაქვს. გადავწყვიტე, ბანკიდან კრედიტის აღება, ხუთი ათას ლარამდე. და აქ ბანკებმა გამაოცეს – წარვადგინე საბუთი სამების ლავრიდან, თუ ხელზე რამდენს ვიღებ, რომელიც ოთხჯერ აღემატება კრედიტის აღების შემდეგ თვეში შესატან თანხას. უნდობლობა. თურმე ბანკში უნდა მერიცხებოდეს. სასულიერო პირებს ხელფასი არა აქვთ, ყველა ხელზე იღებს ფულს და ეს ბანკებმა არ უნდა გაითვალისწინონ? შვიდი წელია, რაც ბანკებთან მაქვს ურთიერთობა და არასდროს დამირღვევია – ასე რომ, სუფთა ვარ. ერთმა ბანკმა ჩემი მდგომარეობა გაითვალისწინა, მაგრამ წესიაო, მომთხოვა თავმდები, რომელსაც ბანკში ერიცხება ხელფასი, ბევრიც არა. ვეძებ მეგობარს, რომელიც თავმდებად დამიდგება ამ წმიდა საქმეში. ინბოქსში მომწერეთ, თუნდაც აქ პირადობის მოწმობის ნომერი და რომელ ბანკში გერიცხებათ ხელფასი. მეგობრისთვის არასდროს მიღალატია, ერისა და ღვთის წინაშე ვამბობ. თავდებობას ერთი ათად დავაბრუნებ. არქ.ანთიმოზი(ივერიელი)“, – წერს თამაზ ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ არქიმანდრიტ ანთიმოზ (თამაზ ბიჩინაშვილი) საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის 17 მაისს, ლგბტ აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო, 40-დღიანი ეპიტამია (საეკლესიო სასჯელი) დაედო, რის შემდეგაც, საკუთარი სურვილით, პენსიაში გავიდა. მაშინ სასულიერო პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 161-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები