რა დოკუმენტაცია ინახება უკრაინის პროკურატურაში სააკაშვილის წინააღმდეგ?

რა დოკუმენტაცია ინახება უკრაინის პროკურატურაში სააკაშვილის წინააღმდეგ? – ამ სათაურით გაზეთი „პრაიმტაიმი“ სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, საქართველოს შემდეგ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შესაძლოა, უკრაინაშიც აღიძრას. უკრაინის პოლიტიკურ წრეებში უკვე დიდი ხანია, საუბრობენ ოდესის ყოფილი გუბერნატორის ირგვლივ არსებულ ფინანსურ სკანდალებზე.
სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებამ, ბრალის წარდგენითა და დაპატიმრების სანქციით სააკაშვილს საბოლოოდ გადაუკეტოს უკრაინისკენ მიმავალი გზა.
„როგორც ჩანს, ბრალდებები სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურაში დიდი ხანია გროვდებოდა.
ამის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც უკრაინელმა სამართალდამცველებმა ოდესის გუბერნატორის თანაშემწის კაბინეტსა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
უკრაინული მედია, გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს. საუბარია დაახლოებით 20 მილიონ გრივნაზე.
გუბერნატორის თანაშემწის საქმიანობით დაინტერესება ღიად გააპროტესტა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც უკრაინის პროკურატურის ქმედებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მისი ოპონენტები კი ირწმუნებიან, რომ მთელი ამ მაქინაციების კვალი საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილთან მივა და სწორედ ამით აიხსნება მის მიერ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა.
რა დოკუმენტაცია ინახება უკრაინის პროკურატურაში სააკაშვილის წინააღმდეგ? უკრაინის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტ პოროშენკოს ახლო მეგობარი ევგენი ჩერვონენკო ამბობს, რომ გუბერნატორობის დროს სააკაშვილმა და მისმა გუნდმა შექმნეს ფონდი, საიდანაც თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. როგორც ჩერვონენკომ განაცხადა, მას ამის დამამტკიცებელი დოკუმენტებიც აქვს:
„არსებობს ფონდი, რომელიც ფულს აგროვებს. თითქოს არაფერია, ხომ? კარგია, მაგრამ მომიტანეს საბუთები, რომლის თანახმადაც ამ ფონდის ხელმძღვანელმა ორი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან დღგ-ს სახით დაიბრუნა ფული, ოღონდ ის მეწარმე არ არის, დიპლომატია. არ ვიცი, ვინ არის ვინმე თეიმურაზ თეიმურაზის ძე“, – განაცხადა ჩერვონენკომ.
უკრაინის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის მიერ ნახსენები თეიმურაზ თეიმურაზის ძე სწორედ სააკაშვილის თანაშემწე თეიმურაზ ნიშნიანიძეა.
გაირკვა, რომ ბიზნესმენების მიერ საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხული თანხა ომში დაჭრილთა რეაბილიტაციას, პროთეზების შეძენასა და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის ბინის შეძენას უნდა მოხმარებოდა.
ფინანსების შეგროვება ოდესაში საქართველოს ყოფილმა კონსულმა, თეიმურაზ ნიშნიანიძემ დაიწყო, რომელიც, მოგვიანებით, ფონდის დირექტორადაც დაინიშნა.
უკრაინის პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ, საბოლოოდ, ამ ფონდში აკუმულირებული მეომართა თანხები სულ სხვა მიმართულებით გადამისამართდა და „ფონდი მხოლოდ სააკაშვილისა და მისი გუნდის გართობას ემსახურებოდა“. ამის შესახებ რადას დეპუტატი, პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრი დიმიტრი გოლუბოვიც საუბრობს.
„ბრალდებების ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი მაქვს, საბანკო ამონაწერებით და ამას თავად სააკაშვილიც არ უარყოფს“, – აცხადებს გოლუბოვი.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მიხეილ სააკაშვილის არაერთი კორუფციული სქემა გამოაშკარავდება, რადგან უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში მის შესახებ უკვე ყველაფერი ცნობილია.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურა, ასევე, დაინტერესებულია ოდესის საბაჟოს საქმიანობით, რომელსაც სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები მართავდნენ. ეს თემაც საჯაროდ პირველად უკრაინის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა წამოსწია.
„კი, ბატონო, აღფრთოვანებული ვარ ამ საბაჟოთი, მაგრამ, როცა ვიკითხე, ვინ აკონტროლებს მას, აღმოჩნდა, რომ ეს გოგო კი არა, ვინც საბაჟოს უფროსად დანიშნეს, ანა პანჩევა, არამედ მამუკა ტუღუში და გიორგი ცხაკაია არიან“, – განაცხადა ჩერვონენკომ.
მამუკა ტუღუშს საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფინანსური პოლიციის საბაჟო წესების დარღვევასთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. ჩვენი ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ საბაჟოებს პრაქტიკულად სწორედ ტუღუში აკონტროლებდა.
რაც შეეხება გიორგი ცხაკაიას, რომელსაც, ასევე, ოდესის საბაჟოს არაფორმალურ კონტროლს უკავშირებდნენ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა. 2009 წლის სექტემბრიდან შემოსავლების სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2011 წელს მან შემოსავლების სამსახურიდან თბილისის მერიაში გადაინაცვლა და გიგი უგულავას მოადგილე გახდა.
უკრაინული მედია პროკურატურაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ოდესის საბაჟო პრაქტიკულად მიბმული გახლდათ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ ფონდთან და თუ ბიზნესმენები ამ ფონდს მსხვილ თანხებს არ შესწირავდნენ, მათ საბაჟოზე სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელთა შორის საკმაოდ ოდიოზური ფიგურებიც არიან. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ გადაზიდვების კომპანია „Триекспо“-ის მფლობელი ვიქტორ შერმანი. მისი სახელი მედიაში არაერთ ფინანსურ სკანდალს უკავშირდება, მათ შორის საბაჟოზე გაყალბებული საბუთებით სხვადასხვა ბრენდირებული პროდუქციის შემოტანას, როგორც არაბრენდულისა.
გასულ წელს, უკრაინული მედიის განსაკუთრებული გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ფონდის დამფუძნებელთა შორის „ფინბანკის“ მფლობელები – კაუფმანი და გრანოვსკი აღმოაჩინეს. ეს ბიზნესმენები, უკრაინაში იანუკოვიჩის კლანს წარმოადგენდნენ და როგორც მედია იუწყება, „მაიდანის“ ბოლო წუთებამდე უკრაინის ექსპრეზიდენტის აქტიურ მხარდამჭერებად ითვლებოდნენ.
„სააკაშვილი პირველად კაფმანს ოდესის აეროპორტთან დაკავშირებით გაურიგდა. მაშინ ოდესის გუბერნატორმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ დაეხმარება საეჭვო რეპუტაციის ბიზნესმენებს, თუკი ამჟამად ისინი კარგ საქმეებს გააკეთებენ“, – წერს ინტერნეტგამოცემა „Обозреватель“ და იქვე აღნიშნავს, რომ „ეს ფონდი საკმაოდ წარმატებულ და სასარგებლო პროექტებსაც ახორციელებდა, თუმცა ეს არსებულ მაქინაციებს არ ამართლებს“.
მედიის ცნობით, ფონდის მეშვეობით დაფინანსდა ოდესის მერობის კანდიდატის საშა ბოროვიკის საარჩევნო კამპანია, სააკაშვილისა და მისი გარემოცვის უცხოური ვიზიტები. მათ შორის ნახსენებია ოდესის გუბერნატორის დაცვის უფროსი, გიორგი რუბაშვილი, რომელიც, სხვათა შორის, 2015 წლის ივნისამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის დაცვას ახორციელებდა. 2015 წლის 15 ივნისს კი პატაკი დაწერა და ოდესაში გაემგზავრა.
რაც შეეხება საქართველოს, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვნს ქვეყანაში სისხლის სამართლის არაერთი საქმეა აღძრული. მთავარი პროკურატურის მიერ ყოფილი პრეზიდენტი ოფიციალურად იძებნება.
ჩვენ თვალი გადავავლეთ იმ საქმეებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სტატუსით ფიგურირებს.
ამ დრომდე სააკაშვილი სისხლის სამართლის 4 საქმეზე უკვე დაუსწრებლად არის ბრალდებული. ბრალის წარდგენამდე, ჯერ კიდევ 2014 წელს, ექსპრეზიდენტი მოწმის სტატუსით პროკურატურამ სისხლის სამართლის შვიდ საქმეზე გამოიძახა.
სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მას ჩვენების მიცემა დისტანციური დაკითხვის მეთოდით შესთავაზეს – ექსპრეზიდენტი არც ამას დასთანხმდა.
პირველი ბრალი ექსპრეზიდენტს 2014 წლის 28 ივლისს წარედგინა – 2007 წელს მომხდარ ტელეიმედში შეჭრისა და 7 ნოემბრის საქმეებზე, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონო ჩამორთმევის ეპიზოდსაც აერთიანებს.
2014 წლის 5 აგვისტოს, ყოფილ პრეზიდენტს ბრალი დაუმძიმდა – საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და მისი ცემის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ დანაშაულის ორგანიზატორად ცნო.
რამდენიმე დღეში გაიხსნა ე.წ. პიჯაკების საქმეც – სააკაშვილი, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის მუხლით, კიდევ ერთ საქმეში ცნეს ბრალდებულად. საუბარია 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვაზე, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, სააკაშვილმა პირად კომფორტსა და საჩუქრებს მოახმარა.
ამ ბრალის წარდგენიდან მალევე, ექსპრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს უძრავი და მოძრავი ქონების 17 ობიექტი დაუყადაღეს, მათ შორის მიწის ნაკვეთები, წილები საწარმოებში, ბინები და ავტომანქანები.
2015 წელს, უკვე რამდენიმე საქმეზე ბრალდებული სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა.
ამ პერიოდში, უკრაინის საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე იყო.
მიუხედავად ქვეყნებს შორის ექსტრადიციის სფეროში არსებული ვალდებულებებისა, უკრაინამ ძებნილი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი თქვა. ისევე როგორც ამავე წელს ინტერპოლმა – სააკაშვილის ძებნილად გამოცხადებაზე.
უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის განცხადებით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი საქართველოს საგამოძიებო უწყებიდან მიღებული დამატებითი დოკუმენტაცია გახდა, თუმცა საქართველოს მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა სახის დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს უკრაინელ კოლეგებს, ან საერთოდ მიაწოდეს თუ არა.
თავად სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას საქართველოში პეტრო პოროშენკოს ვიზიტსა და ბიძინა ივანიშვილთან მის გასაიდუმლოებულ შეხვედრას უკავშირებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები