საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 13.6%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის” ინფორმაციით, 2017 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 13.6%-ით არის გაზრდილი.
6 თვის განმავლობაში შპს “საქაერონავიგაცია” 64 407 ფრენას მოემსახურა, რაც 13.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მათივე ინფორმაციით, გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.
2017 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში შესრულებულია 16 477 ფრენა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 4 420 ფრენით, ანუ 36.7%-ით მეტია.
2017 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ასევე გაიზარდა ტრანზიტული რეისების რაოდენობაც და 47 930 ფრენა შეადგინა, რომელიც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 3 309 ფრენით, ანუ 7.4%-ით მეტია.
2017 წლის 6 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 19 747 666 კმ-ს შეადგენს, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 664 083 კმ-ით მეტია.
საქართველოს აეროპორტებიდან წელს ფრენები 72 მიმართულებით ხორციელდება, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 16-ით მეტია. პირდაპირი რეისით გაფრენა შესაძლებელია 29 ქვეყანაში (გასულ წელს იყო 22).
ზაფხულის სეზონზე, კვირის განმავლობაში დამტკიცებულია 450 სიხშირე (2016 წელს ფრენები 365 სიხშირით სრულდებოდა). წლევანდელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში ფრენები 47 ავიაკომპანიის მიერ ხორციელდება.
შპს “საქაერონავიგაცია” საქართელოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. 2016-2017 წლებში არსებულს დაემატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი, რის შედეგადაც საქართველო სატრანზიტო კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ავიაკომპანიებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები