ჩინეთის ქალაქებში ქართული ღვინოები წარადგინეს

ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 4 ქალაქში გაიმართა – გვანჯოუ (Guangzhou), ჩჟუნშანი (Zhongshan), შენჩჟენი (Shenzhen) და ფოშანი (Foshan). ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media”-ს ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.
ჩინეთის სამხრეთში მდებარე პროვინცია გუანდუნის ზემოთ აღნიშნულ ქალაქებში ღვინის პროფესიონალებსა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს 40-მდე დასახელების ქართული პრემიალური ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ. ჩინეთის აღნიშნულ ნაწილში ქართული ღვინის ასე მასშტაბური წარდგენა პირველად მოეწყო და ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გეგმავს.
დეგუსტაციებს სახელწოდებით „ქართული ღვინის გუანდუნის ტური”, ღვინის პროფესიონალებთან ერთად, ადგილობრივი დისტრიბუტორები და იმპორტიორებიც დაესწრნენ. წარმოდგენილმა ღვინოებმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
როგორც ცნობილი ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი აღნიშნავს, საქართველო ჩინელ მომხმარებელს ქართული ღვინის დიდ მრავალფეროვნებას სთავაზობს და სხვადასხვა გემოვნების მქონე ჩინელ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ამ ნაირსახეობებიდან მისთვის სასურველი ღვინო შეარჩიოს.
ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 3,84 მლნ ბოთლი, რაც 104%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები