როგორ უნდა მოემზადოს ქალი მშობიარობისთვის

როგორ უნდა მოემზადონ ფეხმძიმე ქალბატონები მშობიარობისთვის, ამის შესახებ ჩაჩავას კლინიკა რამდენიმე რჩევას აქვეყნებს. პროფესიონალები მიიჩნევენ, რომ უპირველესი მშობელთა სკოლაში სიარულია, სადაც მნიშვნელოვან საკითხს შეგასწავლიან და მშობიარობის პროცესისადმი შიშის დაძლევაში დაგეხმარებიან.
ჩაჩავას კლინიკა გირჩევთ:
მშობიარობისთვის მოსამზადებელი საუკეთესო საშუალება მშობელთა სკოლაში სიარულია. იქ მომავალი დედა სწავლობს, თუ რა ცვლილებები მიმდინარეობს ორგანიზმში ორსულობის პერიოდში, როგორ იზრდება და ვითარდება ნაყოფი თვეების მიხედვით, როგორია ორსულის კვების პრინციპები, წონის მატების ნორმები, როგორი უნდა იყოს ორსულობისას მგზავრობა და სქესობრივი ცხოვრება, როგორ უნდა გაუმკლავდეს ორსულობისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა დისკომფორტს.
მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა მშობლებმა იცოდნენ, როგორ მოუარონ პატარას. მშობელთა სკოლის პედიატრები მოგცემენ სასარგებლო რჩევებს და პრაქტიკულად შეგასწავლიან ბავშვის მოვლას.
მომავალი მშობლები ეცნობიან ბუნებრივი, ანუ ძუძუთი კვების მთავარ პრინციპებს და ლაქტაციისთვის ხელშემწყობ პირობებს.
მშობიარობის პროცესისადმი შიშის დაძლევაში ორსულებს ეხმარება ფსიქო-ფიზიკური ტრეინინგი, რომლის დროსაც მსოფლიოში მიღებული სხვადასხვა მეთოდით სწავლობენ მშობიარობის მართვას (ტკივილის დაძლევა, სხვადასხვა სუნთქვითი ტექნიკა, მშობიარობისთვის აუცილებელი მოდუნების ტრეინინგი, სწორი ჭინთვების სწავლება), ატარებენ უსაფრთხო და სასარგებლო ვარჯიშებს.
ასევე სასურველია ორსულობის დროს მომავალმა მშობლებმა მოინახულონ ის სამშობიარო სახლი, სადაც მათი პატარა უნდა მოევლინოს ქვეყანას. კარგი იქნება, თუ დაათვალიერებენ პალატებს და სამშობიარო ბლოკებს. მათთვის ეს გარემო უკვე ნაცნობი იქნება და როდესაც დადგება მშობიარობის დრო, აღარ ექნებათ გაუცხოების შეგრძნება.
მშობიარეები, რომელთაც მშობელთა სკოლაში აქვთ გავლილი სემინარები და ფიზიკური ვარჯიშები, მომზადებულები ხვდებიან ამ საპასუხისმგებლო პროცესს და ნაკლებად არიან დაძაბულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები