ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენს პოლიტიკას მავთულხლართებით იზოლირების პოლიტიკა უპირისპირდება

“ჩვენს პოლიტიკას მავთულხლართებით იზოლირების პოლიტიკა უპირისპირდება”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჩართულობის სტრატეგიის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, სხდომაზე ხაზგასმით იმ ნაბიჯების პრიორიტეტულობა განიხილეს, რაც მავთულხლართების გავლებით დაზარალებული ადამიანების დახმარებასა და მათ გვერდით დგომაში მდგომარეობს.
”ჩვენს პოლიტიკას მავთულხლართებით იზოლირების პოლიტიკა უპირისპირდება. განსაკუთრებით განვიხილეთ იმ ნაბიჯების პრიორიტეტულობა, რომელიც მდგომარეობს გამყოფი ხაზების ირგვლივ მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის, მავთულხლართების გავლებით დაზარალებული ადამიანების დახმარებასა და მათ გვერდით დგომაში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის სრულად გაზიფიკაციის, მათი სასმელი და საირიგაციო წლით უზრუნველყოფის, ასევე, განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩართულობის სტრატეგიის ფარგლებში, ჯანდაცვის სერვისის მხრივ, ექვსჯერ არის გაზრდილი მომართვიანობა, როგორც აფხაზების, ასევე, ოსების მხრიდან.
“ეს იმას მიანიშნებს, რომ არის ნდობა, ასევე, არის ნდობა ხარისხისა და მომსახურების მიმართ“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები