პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში 9 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 6 ბრუცელოზის დიაგნოზით
ზაფხულის ცხელ დღეებს თან ახლავს ინფექციური დაავადებების მატება. ზაფხული მწერის გავრცელებისა და გამრავლებისთვის საუკეთესო დროა. ამჟამად, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში 9 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 6 ბრუცელოზის დიაგნოზით. ყველა მათგანი სრულწლოვანია და არიან როგორც თბილისელები, ისე რეგიონებიდან ჩამოსულები.
როგორც „კვირას“ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ირმა კოკაიამ განუცხადა, ზაფხულის ბოლო თვეების მონაცემებით, იმატა ტკიპებით დაკბენილი პაციენტების რაოდენობამ.
„ზაფხულში, როგორც წესი, ტკიპა აქტიურია და კლინიკაში ხშირად მოდიან ტკიპის მიერ დაკბენილი პაციენტები. თუმცა, ეს საშიში იმდენად არ არის, თუ დროულად მიმართავთ ექიმს“, – ამბობს ირმა კოკაია.
თუმცა, მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ ტკიპის კბენის შემდეგ, მოსალოდნელი საფრთხე დიდია. ყველაზე საშიშია პარაზიტული ტკიპა, რომელიც სისხლით იკვებება. მათ შორის არიან იქსოდიდები და არგაზიდები. იქსოდიდები ღია თავშესაფრებში ბინადრობენ: ტყეში, მინდორში, ნიადაგის ნაპრალებში, ხეების ქერქის ან მის ფესვებქვეშ.
რაც შეეხება ბრუცელოზს, ბრუცელოზი (ტალღისებრი ცხელება, ჰიბრალტარის ცხელება) ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ცხელება, რეტიკულურ-ენდოთელური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი და სხვა სისტემების დაზიანება ახასიათებს. ბრუცელოზი გვხვდება ყველგან, სადაც კი მეცხოველეობას მისდევენ. დაავადების გამომწვევია ბრუცელების გვარის წარმომადგენელი.
დაავადების დასაწყისში ვლინდება სამი დამახასიათებელი ნიშანი: ცხელება, შემცივნება და ოფლიანობა. ავადმყოფი უჩივის ტკივილს კუნთების, მსხვილი სახსრების არეში და ნერვების გასწვრივ. სახე და კისრის არე უწითლდება, ეუფლება ეიფორია.