სოზარ სუბარი: ჩვენმა მეგობარმა ხალხმაც დაინახა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან რაიმე სარგებელს არ უნდა ელოდონ

“ჩვენმა მეგობარმა ხალხმაც დაინახა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან რაიმე სარგებელს არ უნდა ელოდონ. დადგება დღე, როდესაც ყველა დამნაშავე პასუხს აგებს“,- განაცხადა ჟურნალისტებთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, 2007 წელს სააკაშვილი საქართველოში აბსოლუტურად გაკოტრებული პოლიტიკოსი იყო.
სოზარ სუბარის განცხადებით, სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად აღდგენა ვერ მოხდება. მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი აპარტიდად, ანუ მოქალაქეობის არმქონე პირად ჩაითვლება, სანამ რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობას არ მიიღებს. მინისტრი ამბობს, რომ მის მიმართ ექსტრადირების ის პროცედურები იმოქმედებს, რომელიც ნებისმიერი ძებნილის მიმართ მოქმედებს.
“ავტომატურად მსგავსი გადაწყვეტილებები არ მიიღება. მას ჩამოერთვა აბსოლუტურად კანონიერად საქართველოს მოქალაქეობა, რადგან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. სხვა ქვეყნის მოქალაქეობა კანონდარღვევით მიიღო თუ არა, ეს იმ ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში გასარჩევი საქმეა, თუმცა რადგან მან მიიღო, ჩვენ გვქონდა კანონისმიერი ვალდებულება, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტოდა. 2007 წელს სააკაშვილი საქართველოში აბსოლუტურად გაკოტრებული პოლიტიკოსი იყო, იგივე დაინახა ჩვენმა მეგობარმა ხალხმაც, რომ მისგან რაიმე სარგებელს არ უნდა ელოდონ. დადგება დღე, როდესაც ყველა დამნაშავე პასუხს აგებს“,- აღნიშნა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები