ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, ასეთი ზედაპირული იყოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი დოკუმენტი

„არ შეიძლება, ასეთი ზედაპირული იყოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი დოკუმენტი. საუბარია ორ ცენტრალურ ორგანოზე – პრეზიდენტსა და პარლამენტზე, სადაც ბუნებრივია, მაღალი ხარისხის ურთიერთობები უნდა იყოს დამყარებული”, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე” პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ადმინისტრაციულ დაყოფაზე პავლე ინგოროყვამ 10 წელი იმუშავა – მან შექმნა ის რაიონული დაყოფა, რომელიც დღემდე შენარჩუნდა და წარმატებით მოქმედებს.
”ჩვენ შემოგვთავაზეს ჰიპოთეზა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, დემოკრატიაა საფრთხის ქვეშ. გამოდის, რომ შვედეთში, დანიაში, ნიდერლანდებში საერთოდ დაუმხიათ დემოკრატია. ასე ზედაპირულად მსჯელობა არ შეიძლება. არ შეიძლება, ასეთი ზედაპირული იყოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი დოკუმენტი. საუბარია ორ ცენტრალურ ორგანოზე – პრეზიდენტსა და პარლამენტზე, სადაც ბუნებრივია, მაღალი ხარისხის ურთიერთობები უნდა იყოს დამყარებული. ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, რა შუაშია გეგმიური ეკონომიკა და მუნიციპალიტეტის ზომა, ვერავინ პასუხს ვერ გაგცემთ. ლიტვაში, ნიდერლანდებში იგივე ზომის მუნიციპალიტეტებია და როგორც ჩანს, იქაც გეგმიური ეკონომიკა აქვთ შემოღებული. რაც შეეხება დაყოფას, ადმინისტრაციულ დაყოფაზე, თავის დროზე, ქართველი მეცნიერები მუშაობდნენ და ამ ჯგუფის ლიდერი პავლე ინგოროყვა იყო. ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ამ დაყოფას 10 წელი მოანდომეს. 10 წელი მუშაობდა ინგოროყვა, რომელიც თურმე საქართველოში კომუნიზმის და გეგმიური ეკონომიკის მამა ყოფილა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები