ეკა ბესელია: საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის პოზიცია ჯანსაღია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს მიერ ოპოზიციურ პარტიებთან გაგზავნილ წერილს ჯანსაღ პოზიციად აფასებს. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, პროცესი იმის გამო არ უნდა შეჩერდეს, რომ პოლიტიკური და პარტიული ინტერესები არსებობს.
“ნათელია, რომ კონსტიტუცია ამ ცვლილებებით ბევრად უკეთესია, ვიდრე არსებული მოდელი. პროცესი იმის გამო არ უნდა შეჩერდეს, რომ პოლიტიკური და პარტიული ინტერესები არსებობს. თუ ყველა ამბობს და მათ შორის, ვენეციის კომისია, რომ ეს კონსტიტუცია ამ ცვლილებებით უკეთესი იქნება და ის ძლიერ საპარლამენტო მოდელს აყალიბებს, მხარი რატომ არ უნდა დაუჭირო? იმიტომ, რომ ვიწრო პარტიული ხედვაა? ამ საკითხში ვენეციის კომისიის პოზიცია ჯანსაღია”, -აღნიშნა ბესელიამ.
“კონსტიტუციაზე კონსენსუსი მიღწეული უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის”,- ამის შესახებ ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს წერილში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელზეა გამოგზავნილი. „პატივცემულო ოპოზიციის წარმომადგენლებო, დიდი მადლობა თქვენი ახალი წერილისთვის. ვენეციის კომისია საკუთარ პოზიციაზე რჩება, რომ გამოსავალი ნაპოვნი უნდა იქნეს დიალოგის გზით, რათა მიღწეულ იქნას ფართო კონსენსუსი. კონსენსუსი მიღწეული უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის. ამავდროულად, ის უნდა ეფუძნებოდეს ვენეციის კომისიის შეხედულებას. კომისიის როლი ვერ იქნება სპეციფიკური გამოსავლის მოძებნაში“,- აღნიშნულია ჯანი ბუკიკიოს წერილში.