დევნილთა სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობის მიზნით მორიგი შეხვედრა გაიმართება

  მცხეთის რაიონის სოფელ გალავნის დევნილთა ჩასახლებაში პროექტის ,,თანადგომა“ – დევნილთა სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობისათვის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება. პროექტი ინსტრუმენტული ანსამბლ-ტრიო ,,ბრავოს“ ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ხოლო პარტნიორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი. პარტნიორები დევნილთა ჩასახლების ცენტრებს სხვადასხვა სახის ლიტერატურას და მხატვრულ კალენდრებს გადასცემენ. პროექტის მონაწილეები არიან დევნილთა და განსახლების, განათლების, კულტურის სამინისტროების, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, მცხეთის რაიონის გუბერნატორი ნუკრი ყიფიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მცხეთის რაიონიდან დიმიტრი ხუნდაძე. საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ქანთარია. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, დევნილთა ჩასახლებებში, დევნილთათვის სამოქალაქო განათლების საკითხებზე, საზოგადოებაში მათი აქტიური ჩართულობისა და ინტეგრაციისთვის სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის გაცნობას, მათი საქმიანობის წარმოჩენას, აგრეთვე დევნილთათვის საინტერესო თემებზე ლექციების ორგანიზებას. დევნილთათვის სამოქალაქო განათლებისა და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე მოკლე ლექციას წაიკითხავს პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე, რომელიც ხელმძღვანელობს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას ,,ქალები საუნივერსიტეტო განათლებით“. ასევე დევნილთა ჩართულობაზე ისაუბრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ნანა გოგოხია. შეხვედრაზე კლასიკური მუსიკის კონცერტს გამართავს ტრიო ,,ბრავო“. შესრულდება ქართული, ამერიკული და მსოფლიოს კლასიკოსთა ნაწარმოებები. შეხვედრაზე მოწვეულნი არიან მედიის წარმომადგენლები. შეხვედრა ხვალ, 27 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები