ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის მოადგილეს, მარია კოჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა” იღებს მონაწილეობას.
შეხვედრაზე პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.
საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას, რომელიც, მხარეების თქმით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციის რისკებთან არის დაკავშირებული. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და მცოცავი ოკუპაცია, რომელიც, მათივე შეფასებით, გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტს.
ირაკლი კობახიძემ და მარია კოჩმა საპარლამენტთაშორისო თანაშრომლობის მნიშვნელობისა და მისი გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, როგორც საპარლამენტთაშორისო, ისე ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებულად ბოლო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოლონეთში ვიზიტისა და პოლონეთის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ გააქტიურდა.
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საუბრისას, მარია კოჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველომ პოლონეთის საუკეთესო გამოცდილებით იხელმძღვანელოს და ის შეცდომები აირიდოს თავიდან, რაც ამ პროცესში პოლონეთმა დაუშვა.
საუბარი, ასევე, საქართველოსა და პოლონეთში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებსა და ეკონომიკურ ზრდას,  ევროინტეგრაციის პროცესში რეფორმებისა და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას შეეხო.
პოლონურმა მხარემ საქართველოს დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები