პრეზიდენტი: საქართველო ევროპულ პროცესში შედის, როგორც გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი მოთამაშე
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა” გახსნაზე განაცხადა, რომ საქართველო ევროპულ პროცესში შედის, როგორც გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი მოთამაშე. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ევროპულ სივრცეში შედის, როგორც მხარე, რომელსაც თავისი კონტრიბუციის და თავისი თანამონაწილეობის ამბიცია გააჩნია.
„უკვე მეთოთხმეტეჯერ ტარდება მშვენიერ ბათუმში ეს კონფერენცია. კონფერენცია, რომელიც ხაზს უსვამს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს და აღნიშნავს ხოლმე იმ ეტაპებს, იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ყოველი ჩვენთაგანი, სახელმწიფო, საზოგადოება გავდივართ ხოლმე ამ წლის განმავლობაში. ჩვენ შეგვიძლია კმაყოფილებით ვთქვათ, რომ ამ გზაზე ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება ნამდვილად წარმატებულად ვითარდება. საქართველო ევროპულ პროცესში შედის, როგორც გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი მოთამაშე, რადგან წლების განმავლობაში, ჩვენი მამაკაცები და ქალბატონები უნიფორმაში ემსახურებოდნენ გლობალურ უსაფრთხოებას და თავისი სიცოცხლის ფასად, თავისი წვლილი შეჰქონდათ გლობალური, მათ შორის ევროპის უსაფრთხოების პროცესში. ასე რომ, არა მხოლოდ ჩვენ შევდივართ ევროპულ პროცესში, როგორც დაინტერესებული მხარე, ვიყოთ მომხმარებელი ევროპული სიკეთის, არამედ როგორც მხარე, რომელსაც გააჩნია თავისი კონტრიბუციის და თავისი თანამონაწილეობის ამბიცია“,- განაცხადა პრეზიდენტმა.