მერიის უშტატო თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს ბრალი დღეს წარედგინება
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. როგორც მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, ოთარ აბესაძე ბრალს არ აღიარებს და დამამშვიდებელი აქვს მიღებული.
„ბრალი მისთვის არ წარუდგენიათ შესაბამისად, არანაირი ბრალის აღიარებაზე საუბარი არ არის. მას მიცემული აქვს დამამშვიდებელი წამლები, ვინაიდან მასთან ახლა ექიმია. აბესაძესთან დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. იმყოფება ძალიან აღელვებულ მდგომარეობაში.
13 ივლისს, დღის პირველ ნახევარში აუცილებლად წარუდგენენ ბრალს. შემდგომ უკვე საქმე გადაინაცვლებს სასამართლოში. შესაძლებელია, 13 ივლისს მოხდეს სასამართლოზე მისი პირველი წარდგენა“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის უშტატო თანამშრომელს და საკრებულოში მერის ყოფილ წარმომადგენელს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. ოთარ აბესაძე სუს-მა 12 ივლისს დააკავა. გამოძიების თანახმად, საქმე ეხება მტკვარზე კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
მათივე ინფორმაციით, ბრალდებული მოქალაქეებს მერიიდან შესაბამისი ნებართვების სწრაფად გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 3 000 დოლარი აიღო.