სოფო კილაძე ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დღეს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის დირექტორს და კომისრის მოვალეობის შემსრულებელს, ჰენრიკ ვილადსენს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული პოლიტიკის შესახებ. სტუმარმა კომიტეტის თავმჯდომარეს საკუთარი ხედვა გააცნო, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის კუთხით.
„მისასალმებელია, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ეთნოსის წარმომადგენელი თანაცხოვრობს მშვიდობიანად და არა გვაქვს გამოწვევები, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გავაუმჯობესოთ მუშაობა, რათა უფრო მეტი ინტეგრაცია მოხდეს, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლებისა, რომლებმაც ქართული ენა არ იციან და შესაბამისად, მათთვის რთულია სამუშაოს პოვნა, საზოგადოებაში ინტეგრაცია”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სოფო კილაძე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას შეეხო.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ რთული ვითარების შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, კერძოდ, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის თაობაზე.  ეს ჩვენი ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია.
სამწუხაროდ, ოკუპანტის ქმედებების გამო, არ მიგვიწვდება ხელი და არ ვრცელდება ჩვენი დე-ფაქტო იურისდიქცია” , – აღნიშნა სოფო კილაძემ.
ჰენრიკ ვილადსენის თქმით, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლები, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, ჩავლენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადგილზე გაეცნობიან სიტუაციას და ამ ადამიანებს დახმარებას გაუწევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები