ვიქტორ იანუკოვიჩმა ოპოზიციის ლიდერებს ხელისუფლებაში თანამდებობები შესთავაზა
ვიქტორ იანუკოვიჩმა, ფრაქცია “ბატკივშინას” ლიდერს არსენ იაცენიუკს პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ელენა ლუკაშმა, უკრაინის პრეზიდენტისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„თუკი ოპოზიციის ლიდერები იანუკოვიჩის წინადადებას დათანხმდებიან, პრეზიდენტი მოქმედ პრემიერ-მინისტრს გადააყენებს“, – განაცხადა ელენა ლუკაშმა.
ცოტა ხნის წინ, ასევე ცნობილი გახდა, რომ ჰუმანიტარულ საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზეს ვიტალი კლიჩკოსაც. პარტია „უდარის“ ლიდერი იანუკოვიჩმა საჯარო დებატებში გამოიწვია.
„უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ლიდერებთან ერთობლივი მუშაობა ქვეყნის გაერთიანებას ხელს შეუწყობს და მიმართული იქნება სახელმწიფოში გასატარებელი აუცილებელი რეფორმების ხელშეწყობისკენ. პრეზიდენტი მზადაა, აღნიშნულ დათმობებზე პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების სანაცვლოდ წავიდეს“, – ნათქვამია უკრაინის იუსტიციის მინისტრის განცხადებაში.
ვიქტორ იანუკოვიჩმა დღეს კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების და ტრაგიკული შემთხვევების გამო და დაგმო ძალადობა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა დღეს ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა, რომელიც ახლახანს დასრულდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობდნენ: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეი კლიუევი, იუსტიციის მინისტრი ელენა ლუკაში, პარტია “უდარის” ლიდერი ვიტალი კლიჩკო, “ბატკივშინას” ლიდერი არსენი იაცენიუკი, ფრაქცია “თავისუფლების” ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი.