უკრაინის შსს მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო ოპოზიციას მიმართავს
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ოპოზიციას მიმართავს და ქვეყნის დაცვისა და სისხლისღვრის შეჩერებისთვის რადიკალების ჯგუფის წევრების ჩამოცილებას და აქციის სხვა ადგილზე გადატანას სთხოვს. როგორც მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო განმარტავს, ევრომაიდანზე რადიკალები და ექსტრემისტები არიან მობილიზებული, რომლებიც პირდაპირ ქუჩაში ესვრიან ხალხს, პოლიციელებს ცეცხლს უკიდებენ და ყველაფერს აკეთებენ ქაოსის შექმნისთვის. მშვიდობიანი მომიტინგეების დასაცავად, შსს მინისტრი ოპოზიციას დემონსტრანტების სხვა ადგილზე გადაყვანას სთავაზობს. „მე მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს. თუ თქვენ, მართლაც, თქვენი ქვეყნის პატრიოტები ხართ და გინდათ სახელმწიფო შევინარჩუნოთ, გამოავლინეთ პოლიტიკური სიმწიფე და გამბედაობა. ეს არაა თამაში. აქ რეალური ადამიანები იხოცებიან. ცოცხლად იწვიან პოლიციელები. ექსტრემისტები ხალხს ქუჩებში ხოცავენ, მათ ქაოსი სჭირდებათ. სისხლით ვერ ააგებ ძლიერ სახელმწიფოს. განეშორეთ რადიკალებს. არავინ შეეწინააღმდეგება მშვიდობიან პროტესტს. შეიცვალეთ განლაგების ადგილი და გადადით ნებისმიერ დაცულ და საიმედო ადგილზე. მე, როგორც შსს მინისტრი, გპირდებით, რომ დაცული იქნებით თქვენც და თითოეული მშვიდობიანი მომიტინგე. ის, ვინც მაიდანზე და ექსტრემისტების დაკავებულ ადგილებში დარჩება, ჩვენ ექსტრემისტული დაჯგუფების წევრად მივიჩნევთ და, რადიკალების მხრიდან აგრესიის შემთხვევაში, იძულებული გავხდებით, ძალა გამოვიყენოთ“, – ნათქვამია უკრაინის შს მინისტრის შინაგანი ძალების გენერლის ვიტალი ზახარჩენკოს მიმართვაში.