ახალ ზელანდიაში ნინო სურგულაძის „კარმენს“ საოპერო სენსაცია უწოდეს

ქართველი მეცო სოპრანოს ნინო სურგულაძის გასტროლი ახალი ზელანდიის ქალაქებში დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ახალი ზელანდიის საოპერო კომპანიის მიწვევით, ნინო სურგულაძის მონაწილეობით ბიზეს „კარმენის“ 15 სპექტაკლი დაიდგა. მეცო სოპრანოსთან ერთად, სპექტაკლში ცნობილი საოპერო ვარსკვლავები ტომ რენდლი და ემა პირსონი მონაწილეობენ. დადგმა ავსტრალიელ რეჟისორს ლინდი ჰუმის ეკუთვნის.
ქართველი მეცო სოპრანოს ნამღერზე ახალი ზელანდიის მასმედიაში გამოხმაურებები არც ახლა წყდება.

„მას პარტნიორობას უწევდა საქართველოში დაბადებული მიმზიდველი ნინო სურგულაძე. სცენოგრაფიით გამოწვეული ოდნავი შეზღუდულობის მიუხედავად, რომელიც მის პირველად გამოჩენას ახლდა თან, მან სცენაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ცოცხალი, ვერცხლის წყლის მსგავსი და მოქნილი შესრულება გვიჩვენა. მან არაჩვეულებრივად მსუბუქი (თუმცა არა გადაჭარბებული) სპონტანურობით და ფიზიკური მომხიბვლელობით შეასრულა ჰაბანერა და მისი დეტალები”…

„სურგულაძე არაჩვეულებრივი იყო მაშინაც კი, როცა ქარხნის გოგონების ჩხუბის შემდეგ დონ ხოსეს მიერ პირველად შეპყრობილი აუდიტორიისკენ ზურგით შეტრიალდა. მისმა მხიარულმა მომხიბვლელობამ სეგიდილიის მღერისას სრულიად დაატყვევა მისი უბედური მომტაცებელი, რომლის დაღუპვას სწორედ ამ მომენტიდან ჩაეყარა საფუძველი”..

“მთავარი როლის შემსრულებელი ქართველი საოპერო სენსაცია ნინო სურგულაძე (ფოტოზე), რამდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო ოპერის ვარსკვლავთან და რეჟისორ ლინდი ჰიუმესთან ერთად, 142 წლის კლასიკური ნაწარმოების სექსუალურ და მგრძნობიარე ვერსიას გვთავაზობს”…

“როცა კარმენი გამოჩნდება, ის კეკლუცი ქალი არაა. ნინო სურგულაძის მიერ კიბეზე ნამღერი ჰაბანერა სექსუალობას ასხივებს, მაგრამ ის ამას განსხვავებულად საკუთარი მეთოდით ახერხებს“…

“კარმენის შემოსვლას, როგორც ყოველთვის, სცენაზე ცეცხლოვანი ნაპერწკლის გამოჩენა ახლავს თან, მაგრამ ნინო სუგულაძე მრავალწახნაგოვან, შთამბეჭდავ და მაცდუნებელ, ზედაპირის ქვეშ მოთუხთუხე ემოციების მქონე გმირს ანსახიერებს. მის ბნელ კომპლექსურ პერსონაჟს მდიდარი და ფერადი, ხანდახან ლამის კონტრალტოს ხარისხის მქონე დრამატული ხმა ერწყმის. დონ ხოსე და სხვა კაცები დატყვევებულნი არიან ისევე, როგორც აუდიტორია”…

„კარმენი სცენაზე, ძირითადად, მაცდური ქალბატონის სახით არის გადმოტანილი. თუმცა გასაოცარმა ქართველმა მეცო სოპრანომ როლს გულწრფელობა შეჰმატა და მაყურებელი კარმენისადმი დადებითად განაწყო. სურგულაძე სცენაზე გამორჩეული ენერგეტიკით, დახვეწილი იუმორითა და დამაჯერებლობით გამოირჩევა. მისი ხმა მომაჯადოებელი და დრამატულია. ის ახერხებს, ყოველ პასაჟში განსხვავებული იყოს. ძლიერი ვოკალური მონაცემების გარდა, სცენაზე ნამდვილი მსახიობი დგას, სურგულაძეს მაყურებელში ემოციების გაღვიძება მარტივად გამოსდის. აღსანიშნავია მისი ვოკალური დიაპაზონი“… (კრიტიკოსი ჯო ჰოდსონი).

“კარმენის როლს აღმაფრთოვანებლად ასრულებს საქართველოში დაბადებული ნინო სურგულაძე, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი ქალია, სრულად ითავისებს კარმენის სულს. განსაკუთრებულად მომეწონა, როგორ თამაშობს ამ პერსონაჟს. დიახ, ის კეკლუცობს, როცა ეს საჭიროა და წესებსაც ხშირად არღვევს. და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ამცირებს კიდევაც ხოსეს და მას რამდენჯერმე სთხოვს მისთვის თავის დანებებას, ამ დახვეწილ მომენტებშიც კი მსახიობი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კარმენი არაფერია, გარდა „ეშმაკეული ქალისა“, რომელიც თავისი თავის გარდა არავიზე ფიქრობს.
ზოგიერთ მომენტში შესაძლებელი იყო იმის დანახვა, რომ ტკივილს ისიც განიცდიდა და მათი ურთიერთობის რაღაც ეტაპზე მას, რაღა თქმა უნდა, მართლაც უყვარდა ხოსე. მისი სისასტიკე ხშირად წარმოადგენდა თავდაცვის იარაღს. ბოშა ქალი, რომელიც გადარჩენას ლამობს და ამისთვის საჭიროების შემთხვევაში თავის მომხიბვლელობას იყენებს. თუმცა მას ჰქონდა გულიც და იგივე სურდა, რაც ადამიანების უმეტესობას სურს: ურთიერთობა და სიყვარული. სურგულაძე ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს იმისთვის, რომ ამ როლს არაჩვეულებივად კარგად გაუმკლავდა.”

“და ბოლოს, მთავარი როლის შემსრულებელმა ქართველმა მეცო სოპრანომ ნინო სურგულაძემ დახვეწილი და გამორჩეული თამაშით საოცრად მოახერხა თავის პერსონაჟთან იდენტიფიცირება. მან თავისი სექსუალობის გამოხატვა მცირე ჟესტებში უფრო კარგად შეძლო, ვიდრე ზედმეტად თავხედურ კეკლუცობაში. ჰაბანერამ დაგვანახა, რომ ვინმეს მოსახიბლად მას ბევრი მოძრაობა არ დასჭირვებია. სურგულაძე ღირსეულად შეხვდა დონ ხოსეს საბოლოო ვედრებებს და თითოეულ მათგანზე დახვეწილად სხვადასხვანაირი რეაქცია გვიჩვენა.
მისი ხმა დამაინტრიგებლად პიკანტური ვიბრაციისა და მდიდარი შუა რეგისტრის დრამატული ამოხეთქვებითაა სავსე. განსაკურებით ეს ჰაბანერასა და დონ ხოსესთან მისი დუეტის დროს გამოვლინდა, როცა სურგულაძემ ძალიან კარგად მოახერხა მისი უპირატესობის დემონსტრირება და ზუსტად იცოდა, სად უნდა გაეკეთებინა დაყოვნებები იმისთვის, რომ ყველაზე მაცდუნებელი ეფექტი შეექმნა. ბანქოს თამაშის სცენაში ის ხშირად ახდენდა მისი მკერდისმიერი ხმის დაბალ რეგისტრებში გადასვლას. ჰიუმეს რეჟისურასთან და სპექტაკლის დანარჩენი გუნდის თავდადებასთან შერწყმული ეს არაჩვეულებრივი თამაში ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ამაღელვებელ წარმოდგენად ახალი ზელანდიის ოპერის ბოლოდროინდელ მახსოვრობაში”.

ახალი ზელანდიის შემდეგ ნინო სურგულაძე იტალიაში – არენა დი ვერონას სცენაზე გამოვა და ვერდის „ნაბუქოში“ მიიღებს მონაწილეობას. შემდეგ ბარიში, ბოლონიასა და ჰონკონგში ამნერისის პარტიას იმღერებს „აიდაში“. დეკემბერში კი რომში შეასრულებს გია ყანჩელის სიმღერების ციკლს, რომელიც ქართველმა კომპოზიტორმა სწორედ მას მიუძღვნა.

http://www.ambientlightblog.com/carmen-nz-opera-auckland-nz-2017/

https://www.theatreview.org.nz/reviews/review.php?id=10302

http://middle-c.org/2017/06/nz-operas-2017-carmen-surprises-disconcerts-and-delights/?utm_source=rss&utm_medium=rss&utm_campaig

http://www.destination-nz.com/events/nz-opera-carmen/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები