ქისტური ფოლკლორისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა და კონცერტი გაიმართება

28 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში, „კავკასიელ ქალთა კონგრესის“ ორგანიზებით, ქისტური ფოლკლორისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა და კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველმა მექა ხანგოშვილმა განუცხადა, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2 დღის (28-29 ივნისი) განმავლობაში უმასპინძლებს ქისტური ფოლკლორისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენას, პარალელურად ფოლკლორის ცენტრის ბაღში გაიმართება კონცერტი პანკისის ხეობიდან ჩამოყვანილი სხვადასხვა ანსამბლისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, ასევე ცენტრის ბაღში პანკისის ხეობიდან ჩამოსული და მოწვეული სტუმრებისათვის მოხდება ალაფურშეტის (ქისტური სამზარეულოს) ორგანიზება.
„საქართველოს სინამდვილეში თითქმის არ არსებობს ინფორმაცია ქისტური უნიკალური ფოლკლორის შესახებ, რომელიც ჩამოტანილია წინაპრების სამშობლოდან და განვითარებულია პანკისელი ქისტების ხეობაში ცხოვრების 200 წლის მანძილზე. ქისტური ფოკლორი იდენტურია ჩეჩნურ-ინგუშური ფოლკლორის, თუმცა საქართველოში, ქართველ ხალხთან ორსაუკუნოვანმა თანაცხოვრებამ და მჭიდრო ურთიერთობებმა თავისებური ზეგავლენა მოახდინა ხეობის ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე. პროექტის ძირითადი არსია ამ მართლაც უნიკალური ფოლკლორული ნიმუშების გადარჩენა და განვითარება, რომლის უმრავლესობაც ხეობის დღევანდელობაში უკვე არ არსებობს, მაგალითად: „ბერიკაობა“, „სინი“, „ნიჯუი“, „წედიე“ „ჭუბიე“, გუოთ ხიხ იახარ“და ა.შ.
ასევე კავკასიელ ხალხებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა, ერთმანეთის კულტურისა და ფოლკლორის, ისტორიისა და რელიგიის, თვითმყოფადობისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მწირი ინფორმაციები, კულტურათაშორისი დიალოგის არ არსებობა. კავკასიელ ხალხებს შორის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტების აღმოფხვრა ხელოვნებისა და კულტურათაშორის დიალოგის მეშვეობით, ბოლო წლების განმავლობაში ქართველების ცნობიერებაში „მესამე ძალის“ ზეგავლენით მეზობელი და მონათესავე ხალხების მიმართ შექმნილი მტრის ხატის ნგრევის ხელშეწყობა. მომავალი თაობების დაახლოება და ერთმანეთთან დაკავშირება. ქართული საზოგადოებისათვის (განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისათვის) ქისტური ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და ხელოვნების ნიმუშების გაცნობა.
ღონისძიების მიზანია: ქისტური ფოლკლორის და ხელოვნების უნიკალური ნიმუშების გაცნობა ქართული საზოგადოებისათვის. საქართველოში კავკასიური კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობა, ვაინახური (ჩეჩნური, ინგუშური, ქისტური) კულტურის პოპულარიზაცია და ინტეგრაცია ქართულ სივრცეში და პირიქით ქართული კულტურის პოპულარიზაცია კავკასიაში.
გამოიფინება ქისტების მიერ შექმნილი ხელოვნების სხვადასხვა (ძერწვა, ქარგვა, რეწვა, ხეზე კვეთა, თექის დამუშავება) ნიმუში. დაიწყება კავკასიელ ხალხებს შორის კულტურათა და რელიგიათაშორისი დიალოგი. ხელი შეეწყობა კავკასიელ ხალხებს შორის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტების აღმოფხვრას ხელოვნებისა და დიალოგის მეშვეობით და ბოლო წლების განმავლობაში ქართველების ცნობიერებაში „მესამე ძალის“ ზეგავლენით მეზობელი და მონათესავე ხალხების მიმართ შექმნილი მტრის ხატის ნგრევას.
და რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებელი გახდება ხეობაში ბოლო დროს გავრცელებული რადიკალური მიმდინარეობის – სალაფიზმის რიგებიდან, რომელიც წალეკვით ემუქრება ყოველგვარ სულიერებასა და კულტურას (კრძალავენ ცეკვას, სიმღერას, ხატვას, ძერწვას; აბუჩად იგდებენ წინაპართა ისტორიასა და ადათ-წესებს, წინაპართა რელიგიას) ახალგაზრდების გადმოყვანა ნორმალური ცხოვრების რელსებზე“ , – აცხადებენ ორგანიზატორები.
ღონისძიებას დაესწრებიან: მეცნიერები, საჯარო მოხელეები, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები, სკოლის მოსწავლეები, ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლები, ისტორიკოსები, ეთნოლოგები, სტუდენტები, პანკისელი ახალგაზრდები, პედაგოგები, ფართო საზოგადოება, მათ შორის დაინტერესებული პირები, ასევე სტუმრები ჩეჩნეთ-ინგიშეთიდან და პანკისის ხეობიდან.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები