ოთარ მეგრელიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

22 ივნისს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში, ქართველი მხატვრის, კალიგრაფის, წიგნის ილუსტრატორის, მრავალი ქართული და უცხოური გამოცემების დამსურათებლის, ოთარ მეგრელიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 100-მდე ნამუშევარი მხატვრის ადრინდელი პერიოდის გრაფიკულ ნახატებს, „ქართული პორტრეტების“ სერიის საუკეთესო ნიმუშებსა და კალიგრაფიულ მხატვრობას აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ ოთარ მეგრელიძე არაერთი ქართული და უცხოური გამოცემის, მათ შორის სასკოლო ლიტერატურის დამსურათებელია. იგი ორიგინალური სტილის გრაფიკოსია, რომელსაც ამავე დროს შთამბეჭდავი ნამუშევრები აქვს ისეთ შემოქმედებით მიმართულებებში, როგორიცაა: ქსოვილის დიზაინი, ბატიკა, გობელენი, პოპარტი, ფერწერა და ანიმაციის გრაფიკა.
2010 წლიდან ხელოვანის ნამუშევრები  მოსკოვის თანამედროვე კალიგრაფიის მუზეუმში ინახება.
ოთარ მეგრელიძის ნახატები არაერთხელ გამოიფინა საქართველოს, ჰოლანდიის, გერმანიის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და სერბეთის სხვადასხვა ქალაქში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, იაპონიის, საფრანგეთის, ინგლისის, აშშ-ს, ჰოლანდიის, ესპანეთის, გერმანიის და სხვა მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.
გამოფენა ქართული ხელოვნების ფესტივალ „ქართული სულის“ ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება
და ხელოვნების სასახლეში 30 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები