თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალი იწყება

21 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალი, ა. კრეინის ორმოქმედებიანი ბალეტის „ლაურენსიას“ პრემიერით გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრში განუცხადეს, ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის.
პირველ საპრემიერო სპექტაკლს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ლალი კანდელაკი და ბოსტონის ბალეტის წამყვანი სოლისტი ლაშა ხოზაშვილი იცეკვებენ. სპექტაკლი ვახტანგ ჭაბუკიანის ხსოვნას ეძღვნება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი საერთაშორისო ბალეტის ფესტივალს უმასპინძლებს. ბალეტის ფესტივალის მთავარი მოვლენა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2-ის გამოსვლა იქნება. თბილისში ეს ამ დასის პირველი გასტროლია.
ფესტივალი 2 ივლისს საბალეტო გალაკონცერტით დაიხურება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ნინო ანანიაშვილი, ალექსანდრ ვოლჩკოვი (დიდი თეატრი, რუსეთი), ელისა კარილო კაბრერა, მიხაილ კანისკინი (ბერლინის სტატბალეტი, გერმანია),ვიქტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჩიკაგოს ჯოფრი ბალეტი, აშშ), ჩინარა ალიზადე, ვლადიმერ იაროშენკო (პოლონეთის ნაციონალური ბალეტი), ლალი კანდელაკი, ეკატერინე სურმავა, ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, იონენ ტაკანო, ფილიპ ფედულოვი, დავით ანანელი, ფრენკ ვან ტონგერენი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი).
საფესტივალო სპექტაკლებში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასი და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი, რომელსაც მოწვეული დირიჟორი ალივტინა იოფე (რუსეთი) უდირიჟორებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები