“ექვთიმე თაყაიშვილი და ტაო-კლარჯეთი” – კატალოგის წარდგენა გაიმართება

26 ივნისს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში გაიმართება წიგნის  “ექვთიმე თაყაიშვილი და ტაო-კლარჯეთი” პრეზენტაცია.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, კატალოგი ეძღვნება 1917 წელს სამხრეთ საქართველოში მოწყობილი ექსპედიციის 100 წლის იუბილეს და მასში შესულია ბევრი უცნობი და საინტერესო, ტექსური და ვიზუალური მასალა, ექსპედიცის შედეგად მიღებული ფოტოები, ნახაზები, ნახატები, ბარელიეფები და ქანდაკებები, დღეს უკვე ექსპონატები, რომლებიც ფართო საზოგადოებას აქამდე არ უნახავს.
ზუსტად 100 წლის წინ, 1917 წელს, ექვთიმე თაყაიშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ ყველაზე ცნობილი, ყველაზე გამორჩეული და ისტორიული ქართული სამეცნიერო ექსპედიცია მოეწყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ რეალურად პირველად მაშინ აღმოაჩინა ტაო-კლარჯეთი და მისი დიდებული არქიტექტურა.
აღსანიშანვია, რომ ამ ექსპედიციის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მასალა ხელოვნების სასახლეშია დაცული, მიზეზი მარტივია – ექსპედიციის ოთხი წევრი (მ.ჭიაურელი, ი.ზდანევიჩი, ლ.გუდიაშვილი, დ.შევარდნაძე) მოგვიანებით ნაყოფიერად მოღვაწეობდა ქართულ თეატრში. სწორედ ამიტომ მათ არქივებთან ერთად სამხრეთ საქართველოდან ჩამოტანილმა საგანძურმა კინოსა და თეატრის მუზეუმში დაიდო ბინა.
ისტორიული პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია ზვიად კორძაძის თანადგომა, მან ექვთიმეს ხელნაწერი შრიფტად აქცია, რის შედეგადაც კატალოგში შესული ტექსტები ექვთიმეს კალიგრაფიით დაიბეჭდა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს ფოსტის მხრიდან მასშტაბური პროექტისადმი გამოხატული დიდი ინტერესი და ფინანსური მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები