„მწერალთა კავშირი – 100“: საიუბილეო საღამო გაიმართება

საქართველოს მწერალთა კავშირი 100 წლისაა, – ამ თარიღთან დაკავშირებით  რუსთაველის თეატრში, 20 ივნისს, 20:00 საათზე, საიუბილეო საღამო გაიმართება.
რეჟისორი – გოჩა კაპანაძე; პროექტის ავტორი – მაყვალა გონაშვილი.
როგორც „კვირას“ მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა განუცხადა, „ვეჭვობ, საქართველოში და იქნებ მსოფლიოშიც, ბევრი ისეთი ორგანიზაცია იყოს, რომელსაც ასეთი საამაყო, დიდი და ტკივილიანი ისტორია აქვს, რომელსაც ამდენი რჩეული წევრი ჰყავდა და ჰყავს დღესაც, რომელმაც ასეთი ფასდაუდებელი ლიტერატურული განძი შესძინა დიდ ქართულ მწერლობას.
თუკი რაიმეს გამო ვარ ამაყი, უპირველესად იმიტომ, რომ ქართველი მწერალი მქვია, მეამაყება, რომ რუსთაველის დამბადებელი წიაღიდან ვართ ჩვენ ქართველები, რომ ჩემი მცირედი წვლილი მეც შემაქვს მწერალთა დიდ ოჯახში, რომელსაც ასი წელი შეუსრულდა, რომ საუკუნემ, რომელმაც „უხვად მოიტანა სისხლი და ცრემლები”, ყველაზე მტკივნეულად მწერალთა გულზე გადაიარა… ნურავინ შეეცდება ამ დიდი ღვაწლის გაუფასურებას, ნურავინ უწოდებს ამ სახელოვან ორგანიზაციას „კომუნისტურ გადმონაშთს“… – აღნიშნა მაყვალა გონაშვილმა.
ხოლო საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო თავმჯდომარის, სახალხო პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის სურვილია, რომ მწერალთა სახლი დაუბრუნდეს მწერალთა კავშირს.
„100 წლის გახდა წუთისოფელში აღიარებული ჩვენი საყვარელი მწერალთა კავშირი და მე ვთხოვ დღევანდელ ხელი-სუფლებას, დაუბრუნოს მწერალთა კავშირს მოძულეთა მიერ წართმეული სასახლე. მე დიდი სიყვარულით მივესალმები
100 წლის მწერალთა კავშირს და ხმამაღლა ვამბობ: მწერალთა ბობოქარი ცხოვრება თუ გადაარჩენს ჩვენს საქართველოს“, – განაცხადა ჯანსუღ ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები