„მე და მამა ვმუშაობთ“ – თამაზ და გუგა ქაშიბაძეების გამოფენა გაიხსნება

23 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თამაზ და გუგა ქაშიბაძეების გამოფენა – „მე და მამა ვმუშაობთ“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პროფესიის ადამიანი – ზოოინჟინერი მამა და პლასტიკური ქირურგი შვილი, მამაშვილობის გარდა, სიყვარულის ფერებით გამოხატვის უნარმაც დაუკავშირა ერთმანეთს.
„ოჯახის წევრთა გამოფენებით საზოგადოებას ვერ გააკვირვებ, მაგრამ ის, რომ პირველი ნახატი შვილის საღებავებმა შთააგონა და მათივე მეშვეობით შექმნა, მართლაც, გასაოცარია – ხშირ შემთხვევაში პირიქით ხდება. ასე დაიბადა მეორე მხატვარი ქაშიბაძეების ოჯახში და მამაშვილური ურთიერთობა ფერებით მეტყველებაში გადაიზარდა.
იმის მიუხედავად, რომ ორივე მხატვარმა არაერთ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, 23 ივნისი მაინც განსხვავებულია. ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოდგენილ ექსპოზიციაზე მათ ნამუშევრებს ერთად პირველად იხილავს დამთვალიერებელი და გუგა ქაშიბაძესაც სწორედ ეს აღელევებს: „ჩვეულებრივ სივრცეში რომ არ იქნება ეს გამოფენა, ამას კარგად ვგრძნობ. როგორ მიიღებს ეს სივრცე მას და იქნება თუ არა ჩვენი ნამუშევრები მისი ფორმისა და შინაარსის საკადრისი?“ – ასეთი კრძალვით გიხსნიან საგამოფენო დარბაზის კარს მამა-შვილი ქაშიბაძეები და გელიან 23 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით“, – აცხადებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები