დანიის ქალაქ არჰუსის მუზეუმში ქართული აფიშები გამოიფინა

”რა არის ევროპა? -აფიშები მთელი კონტინენტიდან“- ამ სათაურით  15 ივნისს დანიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ არჰუსის აფიშების მუზეუმში გრანდიოზული გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ქართულ აფიშებს ეკავა.
როგორც „კვირას“ ხელოვნების მუზეუმიდან განუცხადეს, მსგავსი მასშტაბის ევროპული აფიშების გამოფენაში საქართველო პირველად მონაწილეობს. ნიმუშების ასლები არჰუსის მუზეუმში ხელოვნების სასახლის კოლექციიდან გამოიფინა. წარმოდგენილი იყო ორი აფიშა: „შექსპირი რუსთაველის თეატრში” და ფესტივალი „საჩუქარი”. ქართულის გარდა მუზეუმში ევროპის 56 ქვეყნის ნამუშევარი იყო გამოფენილი.
არჰუსის მუზეუმში ექსპოზიციის გახსნას დანიის სამეცნიერო და კულტურული წრეების წარმომადგენლები, დანიაში საქართველოს საელჩოს და ხელოვნების სასახლის თანამშრომლები დაესწრნენ.
კატალოგი, რომელიც გამოფენას მიეძღვნა საქართველოს ღირსეულ ადგილს უთმობს და აღნიშნავს: „გეოგრაფიულად საქართველო აზიაშია, მაგრამ პოლიტიკური მმართველობის ფორმითა და კულტურული განვითარების დონით ის ევროპის ნაწილია”.
„საქართველოს სრული ტერიტორია მე-19 საუკუნეში რუსეთის მმართველობის ქვეშ იყო, რასაც თან სდევდა ქართველი ხალხის მხრიდან თავისუფლებისაკენ დაუოკებელი სწრაფვა და დამოუკიდებლობისათვის პერმანენტული ბრძოლა. 1991 წლიდან საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკაა. მის შემადგენლობაშია სამი ავტონომიური მხარე – აჭარა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საიდანაც უკანასკნელი ორი კონფლიქტურ ზონას წარმოადგენს, დამოუკიდებლობას აღიარებს და რუსეთის მხარდაჭერას 2008 წლიდან იღებს. საქართველო – ევროპის ურთიერთობები პოლიტიკურ – ეკონომიკურ ჭრილში 1991 წლიდან მჭიდრო და მეტად პრიორიტეტული გახდა. რუსეთთან ურთიერთობები კვლავ დაძაბულია.
დანიაში მიმდინარე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენებში ხელოვნების სასახლის აქტიური ჩართულობა კიდევ ერთი მტკიცე დამადასტურებელი საბუთია იმისა, რომ საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, დასავლური ცივილიზაციის განუყრელი ნაწილია“, – აღნიშნავენ ხელოვნების მუზეუმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები