ემიგრანტული შემოქმედების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

24, 25 ივნისს, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი „ოქროს აკვანი“  ემიგრანტ შემოქმედთა მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ ემიგრანტული შემოქმედების საერთაშორისო ფესტივალს:
„ემ.არტ. ჯი-2017“-ს  („EM.ART.GE-2017“) მასპინძლობს.
როგორც „კვირას“ ემიგრანტ შემოქმედთა მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარემ რუსუდან გოგბერაშვილმა განუცხადა, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ფესტივალის მონაწილეები დაათვალიერებენ რეგიონს (ექსკურსია ანანურში), პატარებისთვის მოეწყობა პლენერი „სამშობლოს ცის ქვეშ“.
24 ივნისს – ფესტივალზე, თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ პატარა ემიგრანტები – ქორეოგრაფიული კოლექტივები ამერიკიდან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან; ემიგრანტი მუსიკოს-შემსრულებლები, მხატვრები, პოეტები; ადგილობრივი ეთნო კოლექტივები.
მოეწყობა: ემიგრანტ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა;  ემიგრანტული ანსამბლების შემოქმედების გაცნობა-კონცერტი;
საერთაშორისო ემიგრანტული ლიტერატურული კონკურსის „ემიგრანტის წერილი-2017“-ის გამარჯვებული და საფესტივალო ლიტერატურული ნაწარმოებების წარდგინება.
„ემიგრანტების საპატივცემულოდ მოწვეულია მრავალ ფესტივალსა თუ ღონისძიებაში სხვადასხვა ნომინაციის მფლობელი დიზაინერი თაკო რუხაძე, რომელიც წარმოადგენს ხელნაკეთი აქსესუარების ულამაზეს კოლექციას, ასევე საქართველოს საპატრიარქოს მიერ მინიჭებული ჯილდოს „მაღალხარისხიანი ქართული ტიხრული მინანქრის მწარმოებლის და რეალიზატორის“ მფლობელი ტიხრული მინანქრის კონპანია ,,silver nice“ გამართავს ნამუშევრების გამოფენას.
26 ივნისს, ქართული ემიგრაციის დღის აღსანიშნავად: ფესტივალის მონაწილეები ეწვევიან და დაათვალიერებენ თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმს, სადაც გაიმართება თანამედროვე ემიგრანტი ავტორების წიგნების გამოფენა.
პატარა ემიგრანტები ესტუმრებიან და დაათვალიერებენ საქართველოს პარლამენტს. მათ უმასპინძლებს საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტი.
ფესტივალის მონაწილეები კონცერტს გამართავენ სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულებაში.
დღის ბოლოს, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში შედგება ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიალი. ემიგრანტებს დალოცავს საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.
გაიმართება ფესტივალის მონაწილეთა დაჯილდოება და საერთაშორისო ემიგრანტული ლიტერატურული კონკურსის „ემიგრანტის წერილი-2017“-ის გრ. რობაქიძის სახ. პირველი პრიზის – არჩიბალდ მეკეშის საზეიმო გადაცემა ორ ნომინაციაში: პოეზია, პროზა“, – განაცხადა რუსუდან გოგბერაშვილმა.
ფესტივალზე მოწვეულნი არიან: ხელისუფლების, საპატრიარქოს, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლები, ქართული მწერლობის, ხელოვნებისა და კულტურის თვალსაჩინო ადამიანები.
ფესტივალის პარტნიორები: საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, დედათა გაერთიანება „ინანა“, გამომცემლობა „ივერიონი“, ოსკარ შინდლერის აკადემია – მეირ შავიტი, საიტი “literatori.com”, გადამზიდი კომპანია “SAMEBA CARGO”, კომპანია “gamwvaneba 2016”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები