სერგო ზაქარიაძე 110 – უნიკალური გამოფენა გაიხსნება

16 ივნისს, 19 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში სერგო ზაქარიაძის დაბადებიდან 110 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, ექსპოზიცია მოიცავს როგორც სერგო ზაქარიაძის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ უნიკალურ მასალას (ფოტოები, აფიშები, ვიდეოკოლაჟი), ასევე ხელოვანის თვალით დანახულ საქართველოში მიმდინარე მნიშველოვან კულტურულ მოვლენებს, რომელთა შესახებაც იგი საინტერესო მოსაზრებებს პირად დღიურებში, ცხოვრების მანძილზე აგროვებდა.
აღსანიშნავია, რომ დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს, „ჩანაწერები ჩემი ფიქრებისა“ – სამტომეული, რომელიც სერგო ზაქარიაძის მიერ მნიშვნელოვან კულტურულ ძვრებთან დაკავშირებით, სიცოცხლის მანძილზე გაკეთებულ ჩანაწერებსა და ესეებს აერთიანებს.
ზაქარიაძის შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმოდა ინტელექტი, გაბედულება, ჩანაფიქრის ხორცშესხმისას აზრის სიცხადე და ემოციურობა, უკიდურესი სიზუსტე და სულიერი სითბო. იგი სცენური ხასიათების ფსიქოლოგიური დამუშავების ოსტატი იყო — დიდი გამომსახველობის მქონე დეტალებით, მსუყე, კონტრასტული საღებავებით, ფაქიზი ფსიქოლოგიური ნიუანსებით ძერწავდა სახეს.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 20 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები