თინათინ თევდორაძის და სალომე ოსაძის ნამუშევრების გამოფენა – „კვალზე” გაიხსნება

22 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართება დედა-შვილის: თინათინ თევდორაძის და სალომე ოსაძის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით: „კვალზე”. წარმოდგენილი იქნება ნახატები, ფოტოები, ტყავის, მინის, პლასტელინის და თიხის ნაკეთობები.
დედა – თინა თევდორაძე, სპეციალობით პედიატრია, გულის სიღრმეში ყოველთვის ხელოვნების ტრფიალი იყო და ბავშვობიდან ხატვას, ძერწვას და კერვას უთმობდა თავისუფალ დროს. ბოლო რამდენიმე წელიწადში კი ჰობი ძირითად საქმიანობად აქცია, თუმცა საკუთარ თავს პროფესიონალს არ უწოდებს და მოყვარულის სტატუსით კმაყოფილდება.
შემოსავლის დიდ ნაწილს ექსპერიმენტებს, დანადგარებისა და ინსტრუმენტების  შეძენა/გაახლებას ახმარს და ბედნიერია… თინა თევდორაძის ტყავის აქსესუარები და სამკაულები უკვე დიდი მოწონებით სარგებლობს.
შვილი – სალომე ოსაძე 8 წლისაა.  სახელმწიფო, სამხატვრო სასწავლებლის მეორე კლასის მოსწავლეა. 2015 წელს თავისი ნამუშევრები – თიხისა და პლასტელინის ქანდაკებები  საკუთარი სკოლის ფოიეში გამოფინა პერსონალური გამოფენის სახით. მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში. მაისში სალომეს თიხის თოჯინა „თამარ მეფე“   მუზეუმების გაერთიანების მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე პროფესიონალ მეთოჯინეთა ნამუშევრებს შორის გამოიფინა. გამოფენის თაობაზე გავესაუბრეთ თინა თევდორაძეს.

– ჩემს დროს „გუგლი“ და „იუთუბი“ ფიზიკურად არ არსებობდა… როცა იდეა მომივიდოდა, დამზადების გზები და ტექნოლოგიაც თავად უნდა მომეფიქრებინა, ეს რთული, თუმცა უაღრესად სასიამოვნო პროცესია. ბავშვობიდან დიდი გამოცდილება დავაგროვე. ინსტრუმენტებად რა არ გამომიყენებია. იყო დრო, თაბაშირზე და თიხაზე მუშაობისას ტორტის მოსართავები და ხორცის საკეპი მანქანაც გამომიყენებია…  ახლა კი იდეის მოსაფიქრებლად თავის შეწუხებაც არ არის საჭირო, შეგიძლია რაღაც „გუგლში“ ნახო, შემდეგ მისი გაკეთების გზები „იუთუბიზე“, საჭირო ინსტრუმენტები კი ოკეანის გადაღმა შეუკვეთო და სახლში მოგიტანენ.
მოკლედ, ახლა გაცილებით მარტივია ყველაფერი, მაგრამ მე მაინც ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, მხოლოდ საკუთარ იდეებს და გამოცდილებას დავეყრდნო. ვთვლი, რომ ჩემი ყველა ნამუშევარი გულიანია…
– როდის შეამჩნიეთ თქვენს შვილს ხელოვნებისკენ ლტოლვა?
– ჩემმა გოგონამ ადრეულ ასაკში გამოავლინა ხელოვნებისადმი ინტერესი. ხატავდა ყველგან და ყველაფერზე, რაც თითქმის ყველა ბავშვისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა როცა პურის გულისგან პაწაწინა ცხენი გამოძერწა, გავოგნდით და მივხვდით, რომ სამუშაო მასალა მუდმივად უნდა ჰქონოდა. მას შემდეგ კილოგრამობით ვყიდულობთ პლასტელინს, ისიც ძერწავს და ძერწავს… სალოს ძალიან ეხმარება ის ფაქტი, რომ ბევრ რამეს მეკითხება, რაღაცის კეთების დროს მაკვირდება, ჩემს ინსტრუმენტებთანაც მუდმივად აქვს წვდომა.
– რატომ ჰქვია გამოფენას „კვალზე“?
– გამოფენის სახელწოდება  „კვალზე“ ჩემი და ჩემი გოგონას ურთიერთობას ასახავს. თავის დროზე, მე თითქოს ჩემით, ბრმად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი ხელოვნებისკენ, სალო კი პატარობიდანვე  ჩემს კვალში ჩადგა, მოკუნტრუშებს და ალბათ მალე გამისწრებს კიდეც. ძალიან მინდა გამისწროს!…
– ამ ერთობლივ გამოფენაზე რა იქნება წარმოდგენილი?
– ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება  ჩემი და სალოს ერთობლივი ნამუშევრები. მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ ჩვენი იდეები მაქსიმალურად განვახორციელეთ.
მაგალითად, სულ მინდოდა ბავშვების სამოსზე და აქსესუარებზე მემუშავა.
რამდენიმე დღის წინ სალომ დახატა ბავშვის რამდენიმე ჩანთა, მე კი ამ ასკიზების მიხედვით ტყავში გავაცოცხლე. ისეთი საყვარელი გამოვიდა, რომ გამოფენაზე მისი საკიდზე დაკიდება ცოდვა იქნებოდა… გადავწყვიტეთ, ბავშვებს წარმოედგინათ ჩვენი ნამუშევრები, ასე დაიბადა კაბების იდეაც, მე შევკერე, სალომ მოხატა და ორივე ძალიან კმაყოფილები დავრჩით. მოდელებად უსაყვარლესი ბავშვები დაგვიდგნენ და ძალიან სახალისო ფოტოსესიაც მოვაწყვეთ.
ყველა დედიკოს და შვილიკოს 22 ივნისს სულით და გულით ვეპატიჟებით გამოფენაზე ჩვენი ნამუშევრების დასათვალიერებლად.
– სად შეუძლია მომხმარებელს გამოფენამდე დაათვალიეროს თქვენი ნამუშევრები?
– ფეისბუქზე  შექმნილია
ჯგუფი  „თინას ჩანთები”. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, შემოგვიერთდეს…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები