„ათონის დარბაზი“ – საჯარო შეხვედრა გურამ დოჩანაშვილთან გაიმართება

16 ივნისს, 19:00 საათზე, გაიმართება საჯარო შეხვედრა ცნობილ ქართველ მწერალ გურამ დოჩანაშვილთან. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამო ტარდება „ათონის დარბაზში“  ხელოვანებთან და საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრათა ციკლის ფარგლებში.
დამსწრეებს საშუალება აქვთ, სტუმარს დაუსვან შეკითხვები.
გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს, თბილისში. 1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. 1956 წელს სუკ-მა გურამ დოჩანაშვილს ბრალად წაუყენა ანტისაბჭოთა პროპაგანდა, ხოლო სასამართლომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.
1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს, ხოლო 1966 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი “მთის გადაღმა”. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. მწერალი არის ლიტერატურული პრემია “საბას” ლაურეატი, ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”. გურამ დოჩანაშვილის მთავარი თემებია: სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
გამოცემული წიგნები: “სამოსელი პირველი”, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები”, “რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება”…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები