„ჯორჯიან მანგანეზის“ სალიცენზიო და სანებართვო ობიექტზე ლაბორატორიული მონიტორინგი განხორციელდება

წელს დაიწყება ლაბორატორიის ფუნქციონირება, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ სალიცენზიო და სანებართვო ობიექტზე მონიტორინგს განახორციელებს, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ „ჯორჯიან მანგანეზის“ საშუალოვადიან გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, ნიადაგის დაბინძურების პრევენციისა და აღკვეთის, ასევე მდინარის დაბინძურების პრევენციისა და ატმოსფერულ ჰაერში ემისიების კონტროლის კუთხით მონიტორინგი დაიწყება.
“წელს დაიწყება შესაბამისი ლაბორატორიის ფუნქციონირება, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს კომპანიის სალიცენზიო და სანებართვო ობიექტზე, დაიწყება მონიტორინგი და შეფასებები, როგორც ნიადაგის დაბინძურების პრევენციისა და აღკვეთის, ასევე მდინარის დაბინძურების პრევენციის, ატმოსფერულ ჰაერში ემისიების კონტროლის კუთხით, მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ტყის საკომპენსაციო ღონისძიებები. ​მოგეხსენებათ, რამდენიმე ჰექტარი ტყის რესურსი იქნა გაჩეხილი უკანონოდ.
2018 -19 წლებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული. იგეგმება ახალი ქარხნის მშენებლობის დასრულება და ექსპლოატაციაში შესვლა. სპეციალური შლამსაცავის ტერიტორიების ალტერნატივების განხილვა, ისევე როგორც ეს იყო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მოთხოვნილი, რაც მდინარე ყვირალას დაბინძურებისგან დაცვას უზრუნველყოფს, ასევე უზრუნველყოფს სამთო ნარჩენების განთავსებას თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ შლამსაცავზე. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ადგილზე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის და ქარხნის ტექნოლოგიური ციკლის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
გარემოს დაცვის მინისტრმა, კომპანიის “Georgian American Alloys“ მესაკუთრემ ურიელ ლაბირმა და შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა საგანგებო პრესკონფერენცია ჩაატარეს, რომელიც შპს “ჯორჯიან მანგანეზში“ მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები