განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებული გ.თ. დამნაშავედ ცნო.
ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 01 საათზე, ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე გ.თ.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ო. ს.-სთან და ა.ე.-სთან, რა დროსაც გ.თ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ო.ს.-ს დანით მუცლის არეში ორი ჭრილობა, ხოლო ა.ე.-ს თხემის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ო.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვინაიდან გ.თ. თავს არიდებდა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 120-ე მუხლებით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება). სასამართლომ გ.თ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.თ. დაუსწრებლად სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები