პრემიერი: მთელი სამყაროს სიმდიდრე და ძალაუფლება არ ღირს ბავშვის ერთ ცრემლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ბავშვებს, მშობლებს და პედაგოგებს ულოცავს.
„ძვირფასო ბავშვებო, გულითადად გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს! ამ დღეს ვულოცავ მშობლებს, პედაგოგებს საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში – ყველას, ვინც თავისი ცხოვრება მომავალ თაობათა აღზრდას მიუძღვნა.
მთელი სამყაროს სიმდიდრე და ძალაუფლება არ ღირს ბავშვის ერთ ცრემლად – ესაა მორალური მაქსიმა, რომლითაც ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვზომავდეთ არა მხოლოდ ბავშვებთან ჩვენს მიმართებას, არამედ ჩვენს თითოეულ ნაბიჯს პირად, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. სადღესასწაულო განწყობა სრულფასოვანი ვერ იქნება, სანამ ჩვენს ქვეყანაში თუნდაც ერთ ბავშვს შია ან სტკივა, უჭირს სკოლაში სიარული ან არ აქვს ღირსეული საცხოვრებელი პირობები.
ამიტომ, ეს დღე მოწოდებაა ჩვენთვის, უფროსი თაობებისთვის, რათა შევქნათ იმგვარი გარემო, სადაც ჩვენი შვილები ღირსეულ, პროფესიონალ მოქალაქეებად გაიზრდებიან, ყველა პირობა ექნებათ პირადი განვითარებისა და წინსვლისათვის. ეს ნიშნავს, რომ ბავშვებსა და მშობლებს, პედაგოგებს – ყველას, ვინც ბავშვებზე – ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნავს, სახელმწიფოსგან, კერძო სექტორისაგან, საზოგადოებისაგან – თითოეული ჩვენგანისაგან მეტი, კონკრეტულ ნაბიჯებში გამოხატული მხარდაჭერა სჭირდებათ.
ბედნიერებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს შვილებს“, – აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები