პარლამენტის დეპუტატები ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებული თანადგომა სჭირდებათ, ნებაყოფლობით, ყოველთვიურად დაეხმარებიან  

„დღეს არის პირველი ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე და მინდა მივულოცო თითოეულ ბავშვს დღევანდელი დღე. ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის. ეს არის პარლამენტის პასუხისმგებლობა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მისი განცხადებით, დღეს, საქართველოს პარლამენტსა და სოლიდარობის ფონდს შორის სპეციალური მემორანდუმი გაფორმდება.
„დღეს ხელი მოეწერება სპეციალურ მემორანდუმს საქართველოს პარლამენტსა და სოლიდარობის ფონდს შორის. პარლამენტი უერთდება ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას. ამ მემორანდუმის საფუძველზე, ჩვენ, ჩვენი ყოველთვიური ნებაყოფლობითი დონაციებით, ჩავერთვებით ამ საქმეში და უზრუნველვყოფთ იმ ბავშვების დახმარებას, ვისაც განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროება,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ მემორანდუმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტში   ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსზე მუშაობა მიმდინარეობს.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ ინიციატივის და ამ მემორანდუმის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ასევე, აღვნიშნავ, რომ პარლამენტი აქტიურად მუშაობს კოდექსის შემუშავებაზე, რომელიც ეძღვნება სწორედ ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი ინტერესების დაცვას. კიდევ ერთხელ, ეს არის პარლამენტის ვალი და პასუხისმგებლობა”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები