საზოგადოებრივი თავშეყრის მსხვილი ობიექტებისთვის სავალდებულო წესით დაზღვევა ამოქმედდება

„საზოგადოებრივი თავშეყრის მსხვილი ობიექტებისთვის სავალდებულო წესით დაზღვევა ამოქმედდება“, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. შესაბამისი ცვლილება “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში” შედის. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე შემთხვევის შედეგად, საკმაო ზარალი მიადგა როგორც მომხმარებელს, ისე ბიზნესს. მისი თქმით, სწორედ ამან განაპირობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს დაეკისროთ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა. კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს დაზღვევის იმ სახეობების განვითარებას, რომლებიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს.
„ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგად, საკმაო ზარალი მიადგა სავაჭრო ცენტრებს, მათ მომხმარებლებს, იქ ფუნქციონირებად მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ, შემოგვაქვს ცვლილება– სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მესამე პირების მიმართ სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი იყოს აუცილებელი წესით დაზღვეული. სავალდებულო იქნება საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაც. ეს მოთხოვნა იქნება აღსრულებული, რადგან ჩვენ ხშირად გვაქვს ინციდენტები, რომელსაც ზოგ შემთხვევაში, ადამიანის სიცოცხლის, ზოგჯერ ჯანმრთელობისა თუ ქონების დანაკარგი მოჰყვება. ​ჩვენ ასევე, ვმუშაობთ, რომ მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა გავრცელდეს არა მხოლოდ უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებზე, არამედ ყველა ავტომფლობელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მწვანე ბარათის სისტემაში საქართველოს გაწევრიანებისთვის და იმისათვის, რომ საქართველოში მოგზაურმა უცხოელებმა იგრძნონ თავი ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოებში მოქმედი წესები. მესამე პირთა მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ვალდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ დაზღვეული,“– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები