გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო და თავისუფალი, გამჭვირვალე ბიზნესგარემო

„სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე. მისივე თქმით, საქართველოში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემო და კორუფციისგან თავისუფალი მთავრობა.
„სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი .ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე. ჩვენ ვახორციელებთ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს, რათა ბაზარზე იყოს ღია და სამართლიანი კონკურენცია, სათანადოდ იყოს დაცული საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ასევე, თავისუფალი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება. საქართველოში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემო, ეფექტიანი საჯარო სერვისები, კორუფციისგან თავისუფალი მთავრობა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო. ეს ყველაფერი გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობებს, ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო სულ უფრო აუმჯობესებს პოზიციებს ისეთი აღიარებული საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, Heritage Foundation, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვ. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება ევროკავშირთან, რაც ჯამში, იძლევა წვდომას 900 მილიონი მომხმარებლის ბაზარზე. სულ ახლახან, ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც ნიშნავს დამატებით 1,4 მილიარდი მომხმარებლის ბაზარს. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე პრეფერენციების ზოგადი სქემის რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასა და იაპონიასთან, ასევე, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ორგანიზაციის ქვეყნებთან, რაც დამატებით 500 მილიონ მომხმარებელზე მეტი გახლავთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობაზე.
„საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა იძლევა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში ევროპისა და აზიის დაკავშირების უნიკალურ შესაძლებლობებს. ისეთი სატრანსპორტო პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალი, სატრანსპორტო დერეფანი Lapis Lazuli, სპარსეთის ყურე – შავი ზღვის დერეფანი და ასევე, “აბრეშუმის გზის” ეკონომიკური სარტყელი – ყველას უდიდეს შესაძლებლობებს გვთავაზობს. თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება, განსაკუთრებით ტრანსპორტის სფეროში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთლიანად რეგიონისთვის. საქართველო არის სანდო სატრანზიტო პარტნიორი და სატრანსპორტო ღერძის წამყვანი ქვეყანა, რომელიც აქტიურად და წარმატებით მონაწილეობს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებსა და ინიციატივებში. ამასთან ერთად, როგორც ენერგეტიკული ქარტიისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი, საქართველო იყო და არის სანდო და პასუხისმგებელი ენერგეტიკული პარტნიორი, რომელსაც წვლილი შეაქვს დასავლეთის ბაზრებისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირებაში. ისეთ საერთაშორისო პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ერზრუმი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ასევე TANAP-ი, სამხრეთ კავკასიის მილსადენი, დიდი მნიშვნელობა აქვთ რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით. ინტენსიურად ვმუშაობთ თურქმენეთის გაზის ევროპისკენ ტრანსპორტირების პროექტზე, რომელსაც “თეთრი ნაკადი” ეწოდება და რომელიც ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა. გარდა ამისა, საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების უდიდესი პოტენციალი, განსაკუთრებით, ჰიდროელექტროენერგეტიკის კუთხით. ასევე, შთამბეჭდავია ქარის, მზის, ბიოლოგიური და გეოთერმული ენერგიის წყაროების პოტენციალიც“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები