თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტებს პატიმრობა შეუფარდა
თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის, “Sozcu”-ს ორ ჟურნალისტს პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება.
რამდენიმე დღის წინ, ამ გამოცემაში ჩხრეკა და დაკავებები ჩატარდა. ჟურნალისტებს ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში ადანაშაულებენ. გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. აშშ-ში მყოფი გიულენი ამ ბრალდებებს უარყოფს.
გამოძიება დაინტერესდა, რატომ გამოქვეყნდა გამოცემაში ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შვებულების ფოტოები სამხედრო ამბოხებამდე ერთი დღით ადრე.
ცნობისთვის, სახელმწფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში 130-მდე გამოცემა დაიხურა. გიულენთან კავშირის გამო თურქეთში 50 ათასადმე ადამიანი დააკავეს, ხოლო 150 ათასი პირი, მათ შორის სამხედროები, მოსამართლეები და მასწავლებლები, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
უფლებადამცველი ორგანიზაციები თურქეთის ხელისუფლებას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სახელმწიფო უწყებებიდან არასასურველი პირების დათხოვნის უამრავ ფაქტებში ადანაშაულებენ.