85 როზგი ჰომოსექსუალიზმისთვის – ინდონეზიაში წყვილი სახალხოდ გაამათრახეს

ინდონეზიაში, აჩეჰის პროვინციაში, ორი მამაკაცი სახალხოდ გაამათრახეს. ადგილობრივმა „მორალის პოლიციამ“ ახალგაზრდა მამაკაცები ჰომოსექსუალურ კავშირში დაადანაშაულა და განაჩენი – 85 როზგი გამოუტანა.

 სამართალდამცველები ბრალდებულების ვინაობას არ ასახელებენ. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანი 20 წლის არის, მეორე კი – 23 წლის.
სადამსჯელო აქტს ასობით ადგილობრივი მაცხოვრებელი ადევნებდა თვალს.
„ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველასთვის“, – სკანდირებდნენ ისინი. ზოგიერთი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცების უფრო ძლიერად გამათრახებას ითხოვდა.
სადამსჯელო აქტი ადგილობრივი მეჩეთის მიმდებარედ ჩატარდა.
უცხოური მედიის ცნობით, პოლიციამ ჰომოსექსუალი მამაკაცები მოულოდნელად, ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში დააკავა, სადაც ისინი ერთად იმყოფებოდნენ. მოგვიანებით კი ისინი შარიათის სასამართლოს გადასცეს. ყველა მსხვილ ფულად ჯარიმას ელოდა, თუმცა შარიათის სასამართლომ შოკისმომგვრელი განაჩენი გამოიტანა.
აღსანიშნავია, რომ ჰომოსექსუალიზმი ინდონეზიაში მხოლოდ აჩეჰის პროვინციაში ისჯება, სადაც ისლამური კანონები ვრცელდება.
2001 წლიდან აჩის რეგიონში შარიათის კანონები მოქმედებს, რომლის თანახმადაც რეგიონში სასტიკად აიკრძალა აზარტული თამაშები და ალკოჰოლური სასმელები, ასევე გამკაცრდა სასჯელი ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში ბრალდებული პირებისთვის.
პროვინციაში, ქალაქ ბანდა-აჩეჰში ჰომოსექსუალების სახალხოდ დასჯის ეს პირველი შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები