ირაკლი კობახიძე ევროპის სახალხო პარტიის ფაქტების შემსწავლელი მისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ფაქტების შემსწავლელი მისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ დემოკრატიული გარდაქმნების კუთხით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც მაგალითად შეიძლება განიხილებოდეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა და რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებების ძირითადი არგუმენტები გააცნო. ირაკლი კობახიძემ დეტალურად მიმოიხილა კონსტიტუციის ახალი რედაქციით შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესი და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის მიღებული გადაწყვეტილებები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო ცვლილებების, როგორც ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარების გარანტის მნიშვნელობას.
საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე საუბრისას, ევროპის სახალხო პარტიის ფაქტების შემსწავლელი მისიის დელეგაციის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის, მედიის თავისუფლებისა და პარლამენტის როლის პრაქტიკულად გაძლიერების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა, პაოლო რანგელმა დადებითად შეაფასა კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხლვის ფორმატი და აღნიშნა, რომ ეს პრაქტიკა შესაძლოა, მისაბაძი იყოს ევროპული ქვეყნებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები