დიღმის მასივში, რესტორან „ფაეტონთან“ სამი ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსეს.
როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ოთხივე დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ორი მათგანი ”ევექსის”, ერთი – ღუდუშაურის, ერთი კი ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოთხივე დაშავებული მამაკაცია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მომხდარის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.