პაატა იმნაძე: გრიპების სეზონიდან გადამტანი, გადამდები დაავადებების სეზონზე – როგორ დავიცვათ თავი

გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების სეზონი მთავრდება, თუმცა ტკიპებისა და კოღოების სეზონი აქტიურდება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს კოღოებისა და ტკიპების მიმართ. იმნაძის თქმით, ისინი სხვადსხვა გადამტანი დაავადების მატარებლები და წარმომქმნელები არიან. ტკიპების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ბუნებაში გასვლისას და საქონელთან ურთიერთობისას. რაც შეეხება კოღოებს, იმნაძის თქმით, საჭიროა, რომ მათ წინააღმდეგ სპეციალური დამაფრთხობლები გამოვიყენოთ.
„ორი კვირაც და გრიპის სეზონი მორჩება. ვისაც შემდეგი სეზონის ეშინია, ეს იანვარში და თებერვალში ნუ გაგვახსენდება, სახელმწიფო პროგრამით, ჩვენ სადღაც 20 000 კაცს ვცრით ხოლმე გრიპზე , თუკი მოთხოვნა იქნება, ავცრით დანარჩენებსაც, გრიპის ვაქცინა იქნება კომერციულ სექტორშიც.
გრიპების სეზონიდან გადამტანი, გადამდები დაავადებების სეზონზე გადავდივართ. ამ პერიოდში აქტიურად გამოჩნდებიან ტკიპები . იყო ტულარემიის რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ასევე მღრღნელებით დაბინძურებული საკვებით ან წყლით იყო გამოწვეული. ვთხოვთ მოსახლეობას, ბუნებაში გასვლისას და ძროხების დამუშავებისას, გამოიჩინონ სიფრთხილე – შიშველი, დაუცველი ხელით ნუ მოაშორებ ძროხებს ტკიპებს. არსებობს საკმაოდ ეფექტური საშუალებები, რომლებიც ცხოველებს ტკიპებისგან იცავენ და ძვირიც არ ღირს.
ტკიპების გადამტანი დაავადებებიდან განსაკუთრებით საშიშია ყირიმ-კონგო . ტულარემია არაა სასიცოცხლოდ საშიში, მაგრამ ადამიანის ორგანიზმს დიდი ხნით გამოიყვანს მწყობრიდან. რაც შეეხება კოღოებს, ევროპის სამხრეთში და საქართველოში გამოჩნდა კოღო ეჯიპტი, რომელიც 60 წელია ჩვენთან არ გამოჩენილა. სახელმწიფო კოღოების წინააღმდეგ 3 წელია შავი ზღვისპირეთის დამუშავებას ახორციელებს . ჩვენი მხრივ, უნდა ვეცადოთ, რომ არ შევუქმნათ კოღოს გამრავლების პირობები და გამოვიყენოთ მათი დამაფრთხობლები“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები