„სიმართლე არის ირაკლი სესიაშვილის მხარეს, სულ მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს ბოდიშის მოხდა“

“სიმართლე არის ირაკლი სესიაშვილის მხარეს, სულ მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს ბოდიშის მოხდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ირაკლი სესიაშვილის შვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამებად აფასებს.
„სიმართლე არის ირაკლი სესიაშვილის მხარეს და სულ მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს ბოდიშის მოხდა იმ უტიფარი ცილისწამებისთვის, რაც მათ ბრიფინგზე გააკეთეს. რა თქმა უნდა, მთელი საპარლამენტო უმრავლესობა და გუნდი ვართ ირაკლი სესიაშვილის გვერდით, ვუჭერთ მხარს მას და ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ სიმართლისთვის. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ტალახიანი ხელებით პოლიტიკის კეთებას და მათ ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოში აღარ მუშაობს და პოლიტიკაშიც არსებობს ღირსება და თამაშის წესები, რომელიც მათ უნდა დაიცვან“, – განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თბილისში მომხდარი ქურდობის სავარაუდო მონაწილე შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილი იყოს. მათი განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და ქურდობის ჩამდენის ხელის ანაბეჭდი იდენტურია.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა. სუს-ი დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფს. როგორც სუს-ში აცხადებენ, დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. უმრავლესობის დეპუტატი ოპონენტებს ცილისწამებაში ადანაშაულებს. როგორც სესიაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, მისი მთავარი მიზანია საქმის დროული დასრულება და იმის დამტკიცება, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები