“შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა ძალოვან უწყებებზე, ადგილი აქვს მათი დისკრედიტაციის მცდელობას”

შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა ძალოვან უწყებებზე, ადგილი აქვს მათი დისკრედიტაციის მცდელობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს სუს-ის მიმართ გამოთქმული კრიტიკის თაობაზე განუცხადა.

მისი თქმით, რეალურად, სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში მოწმობს იმაზე, რომ აღნიშნული სამსახური ორიენტირებულია მოქალაქეების და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა ძალოვანი უწყებების დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რეალურად ორიენტირებულია მოქალაქეების და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჩვენ ვნახეთ სუს-ის ანგარიში პარლამენტში, სადაც ჩანს პრიორიტეტები, საქმიანობა, რომელიც ამ სასახურმა გასწია. ეს არის ბრძოლა ტერორიზმის რისკებთან, ბრძოლა კორუფციასთან, ეს არის რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალება და ბევრი სასიკეთო საქმე, რასაც მოქალაქის, სახელმწიფო უსაფრთხოება ჰქვია.

არც ერთ თავმოყვარე ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების თემა ხელწამოსაკრავი საკითხი არ არის, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური დებატები უნდა გადავიტანოთ იმ საკითხებზე, სადაც არსებობს რეალური საჭიროებები. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია და მედიის ნაწილი ძირითად ყურადღებას არ უთმობს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს – ეს არის ეკონომიკური განვითარების ტემპები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის მეწარმეობის განვითარების კუთხით არსებული პროგრამები, ტურიზმის განვითარების ტენდენციები, ინფრასტრუქტურული პროექტები – ეს არის ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს, ამიტომ ჩვენ ნამდვილად ვერ გადავუხვევთ იმ გზას, რომელიც ქვეყნის სწრაფი განვითარების უზრუნველყოფას ემსახურება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები