ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა 2018 წელს თბილისში გაიმართება

“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა 2018 წლის ზაფხულში თბილისში გაიმართება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, მონიტორინგის კომიტეტის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლების – ბორის სილევიჩის და კირსტენ ლუნდგრენის ანგარიში მოისმინეს. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მომხსენებლების მხრიდან, საქართველოს მიმართ ყველაზე პოზიტიური შეფასებები გაკეთდა. როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, მთავარი რეკომენდაცია სასამართლო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობა და ასევე, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობაა.
„ძალიან პოზიტიური გამოხმაურება იყო თანამომხსენებლების მხრიდან. ჩვენ დღეს მოვისმინეთ დაახლოებით ოთხ ქვეყანაზე მსგავსი ანგარიში და ცალსახად, ყველაზე პოზიტიური შეფასება არის საქართველოს მიმართ. ორივე თანამომხსენებლის მხრიდან იყო ძალიან კარგი აქცენტები გაკეთებული. ძირითადი რეკომენდაციები, როგორც მათ საჯარო განცხადებაში არის, ეხებოდა, ერთი მხრივ, სასამართლო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობას, ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
დელეგაციის წევრის, ოპოზიცის წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის თქმით, მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო და იმედი გამოითქვა, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები